უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არ გეგმავს ომის „გაყინვას“ ხერსონის დეოკუპაციის შემდეგ.
დანილოვი ხერსონის გათავისუფლების შემდეგ ფრონტზე ვითარების გაყინვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.
„ჩვენ ვერაფერს გავყინავთ. ჩვენ საყინულე არ ვართ. უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები ამინდისა და წელიწადის დროის მიუხედავად.
არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგან ჩვენი ხალხი იქ არის, ვხედავთ როგორ იტანჯებიან. ისინი ჩვენს ბიჭებს, ჩვენს გამათავისუფლებლებს ესალმებიან ცრემლიანი თვალებით, ამიტომ შეიარაღებული ძალების ამოცანა საკმაოდ მარტივი და გასაგებია - ჩვენი მთელი ტერიტორიის გათავისუფლება ტერორისტებისგან, ოკუპანტებისგან და ეს აუცილებლად შესრულდება, მხოლოდ დროის საკითხია“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.