logo_geo
eng_logo
მამა დავითის ეკლესიის საფლავის დაზიანებული ქვების რესტავრაცია დასრულდა
- +

12 ნოემბერი. 2022. 18:41

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესიის საფლავის დაზიანებული ქვების რესტავრაცია დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, რესტავრაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და ცხრა საფლავის ქვის ფილებზე აღდგა წაშლილი წარწერები. სამუშაო შეასრულა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოსტატთა რეესტრის წევრმა, ცნობილმა ხელოვანმა პაატა გიგაურმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადოდ დაცვის მიზნით გასულ წელს დაიწყო ოსტატების რეესტრის შექმნა. რეესტრში ჩარიცხვის მსურველთა განაცხადების მიღება 2021 წლის 6 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ კულტურის სამინისტროში 253 მოქალაქის განაცხადი შევიდა, რომელთაგან 111-ს კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაცია მისცა.

 

აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესიის საფლავის დაზიანებული ქვების რესტავრაცია არ არის პირველი ასეთი პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმდინარე წელს შეასრულა. ზაფხულში სააგენტომ ქაშვეთის ტაძრის პირველ სართულზე წმ. მარინეს ეკლესიის დაზიანებული იატაკის რეაბილიტაცია განახორციელა. რეაბილიტაციის პროცესში აღდგა ჩაქცეული აკლდამა, დაიბურღა იატაკის ის ადგილები, სადაც ზედაპირი ჯერ არ იყო დაზიანებული და ჩატარდა სიცარიელის ინექტირება. ასევე, ჩატარდა საფლავის გატეხილი ფილების რესტავრაცია, განახლდა წარწერები, გასუფთავდა ტაძრის მთლიანი იატაკის ბზარები (რამდენიმე ადგილას წარწერების აღდგენა ვერ მოხერხდა, რადგან ისინი სრულად იყო გადაშლილი).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner