logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: კოალიცია დაიშალა! არჩევნებში ცალკე მივიღებთ მონაწილეობას!
- +

25 აგვისტო. 2016. 21:37



თამაზ მეჭიაურის პარტია „ერთიანი საქართველოსთვის" მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ცალკე გავა. როგორც მკითხველი უკვე მიხვდა, მეჭიაურის პარტიისა და მის გარშემო შემოკრებილი პარტიების ერთ მუშტად - კოალიციად ჩამოყალიბება ჩაიშალა. 


როგორც თამაზ მეჭიაური „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, კოალიციამ დღეს გამგეობის სხდომა დანიშნა, სადაც სამომავლო გეგმები უნდა განეხილათ და ერთგვარი „საბრძოლო" სტრატეგიაც შეემუშავებინათ, თუმცა, კონკრეტული მიზეზებისა და უთანხმოების გამო გადაწყდა, რომ კოალიცია აღარ შეიქმნება.


თუ რა გახდა დაშლის მიზეზი, ამაზე მეჭიაური თავად გვიამბობს:



თამაზ მეჭიაური: კოალიცია დაიშალა! ახლახან დასრულდა კოალიციის გამგეობის სხდომა. ვაპირებდით სხვადასხვა საკითხების განხილვას, თუმცა, როდესაც ბოლოს ყველაფერს მოვუყარეთ თავი, ფაქტობრივად, აზრი აღარ ჰქონდა კოალიციის რეჟიმში არჩევნებში მონაწილეობას.



- რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?


- ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტია, რომელიც თავდაპირველად იქნა კოალიციაში შემოსული ჩვენი მაშინდელი პარტნიორების მიერ, უნდა გადაფორმებულიყო ჩვენს ყოფილ თანაპარტიელებზე. შემდეგ, რატომღაც გაჭირდა გადაფორმება, ამას მოჰყვა ვნებათაღელვა, სხდასხვა კომენტარები, რომ ეს პარტია იყო ლევან მამალაძის მიერ მართული. ლევან მამალაძის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, იყო ცნობილი, მაგრამ ერთია, როდესაც პარტიას მხარს უჭერ და მეორეა- მართავდე პარტიას.


ლევან მამალაძე არის ძებნილი, რომელსაც, ზუსტად არ ვიცი, რამდენი წელი აქვს მისჯილი, იმყოფება სხვა ქვეყანაში და მას არ აქვს უფლება, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მამალაძემ პირადად დარეკა ჩემთან და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არათუ ერთ პარტიას („სახალხო ხელისუფლება"), მეორე პარტიასაც ის მართავს. მე არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ თვითონ ამაზე პრეტენზია აქვს. გამოდიოდა, რომ პარტიები „ჩემი სამშობლო" და „სახალხო ხელისუფლება" ორივე მისია და მის მიერ არის მართული. თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია, ამოიღოს სატელეფონო ჩანაწერი.



- მხოლოდ ეს გახდა კოალიციის დაშლის მიზეზი?


- რა თქმა უნდა, მეტი რა მიზეზი უნდა ყოფილიყო? პირდაპირ პრეტენზია აქვს პიროვნებას, რომელიც ძებნაში იმყოფება (სწორად იყო გასამართლებული თუ არა, ეგ არ ვიცი).  მას პრეტენზია აქვს, ასე აქტიურად ჩაერიოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მართოს კოალიცია. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია და ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იყო ხალხის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უკვე ვასოცირდებოდით ლევან მამალაძესთან, ამის გამო გვიწევდა თავის მართლება. სამწუხაროდ, ეს პრეტენზიები უსაფუძვლო არ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ, გავთავისუფლდეთ ყველასგან. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს...


დიახ, პირდაპირ გეუბნებით - იყო მცდელობა, რომ ამ კოალიციის მართვის პულტი ყოფილიყო ქვეყნის გარეთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია.


ის, რომ ჩვენ ვემხრობით რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიმართებოდეთ რუსეთისგან. ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვაცხადებ. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გასაღები, გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთშია. მასთან მოლაპარაკებებისა და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ამ პრობლემის გადაწყვეტა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან პარტიების ნაწილი იმართება ვაშინგტონიდან, ახლა შეიქმნას მეორე პოლუსი, რომელიც ჩრდილოეთიდან იქნება მართული. ერთი იქნება ამერიკების ინტერსების გამტარებელი ჩვენს ქვეყანაში და მეორე - რუსეთის ინტერესების გამტარებელი.


ჩვენ გვაქვს ნიში, რომელიც განვაცხადეთ ადრევე და ეს არის ეროვნული, პროქართული ნიში, რომელიც არის უპირველესად ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ინტერესზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ამ მიზნის მისაღწევად ვისთანაც დაგვჭირდება დიალოგი, მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები!


იმდენად, რამდენადაც ცხრაწლიანი რეჟიმის დროს და შემდგომ უკვე „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი მმართველობის დროს, ფაქტობრივად ამ მიმართულებით საქმე წინ არ წასულა, მხოლოდ დარჩა მოლაპარაკებები კარასინი-აბაშიძის ფორმატში, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იძლევა საშუალებას, სახელმწიფოებს შორის არსებული პრობლემების მინიმუმიც კი გადაიჭრას. საჭიროა რუსეთთან როგორც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ასევე დიალოგის უფრო მაღალ ფორმატში გაგრძელება. ეს დიალოგი და მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ხელისუფლებამ, რომელიც იქნება ჩვენი ხალხის მანდატით აღჭურვილი და არა გარედან თავს მოხვეული.  ჩემთვის მიუღებელია საეჭვო რეპუტაციის მქონე პიროვნებების  პარტიებთან ურთიერთობა!


- ბატონო თამაზ, სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს თუ გააგრძელებთ?


- ვფიქრობ, არჩევნებში ცალკე მივიღებთ მონაწილეობას. ეს არის რთული გზა, მაგრამ დალაგდება ყველაფერი. არის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ორიენტირებულია პროდასავლურ ღირებულებებზე, ესენი არიან „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობა", სხვადასხვა „გირჩები" და ა.შ. ასევე იქნება პრორუსული პარტიები, რომლებიც იქნებიან გარედან მართული...  და იქნებიან ეროვნული ძალები, ორიენტირებულნი ჩვენი ხალხის ნდობაზე და ქვეყნის ინეტერესებზე, ყოველგვარი გარედან მოხვეული დაფინანსებისა და შეკვეთილი გადაწყვეტილებების გარეშე.



ესაუბრა თეონა რამაზაშვილი 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner