ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 60 დასახლებული პუნქტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმის ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის არმიამ კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა.
„საღამოს მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ოკუპანტებმა გაქცევამდე გაანადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა – კავშირგაბმულობა, წყალმომარაგება, გათბობა, ელექტროენერგია. რუსებს ყველგან ერთნაირი მიზანი აქვთ – ხალხის ტანჯვა და დაცინვა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს აღვადგენთ“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში უკვე აღმოაჩინეს 2000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნაღმი. მან მოუწოდა მოქალაქეებს, დამოუკიდებლად არ შეამოწმონ საეჭვო ნივთები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხერსონის მსგავსად უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს აუცილებლად შეხვდებიან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის მცხოვრებლებიც.
„ასე იქნება ხერსონის ოლქში მდებარე გენიჩესკშიც, მელიტოპოლშიც. მოვალთ ყველა ჩვენს ქალაქსა და სოფელში, დონბასშიც. აუცილებლად ვნახავთ, თუ როგორ შეხვდებიან დროშებით ხელში უკრაინულ ძალებს ყირიმში. უკრაინულ დროშებს იქაც ინახავენ და ასობით მოქალაქე გამოვა ქუჩებში ყირიმის გათავისუფლების დღეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.