საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საკრებულოს წევრების ნაწილი დედაქალაქის მერის გადადგომას ითხოვს - ჟურნალისტების შეკითხვას დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ უპასუხა. ნარმანია მიიჩნევს, რომ მისი გადადგომის საფუძველი არ არსებობს:
"გუშინ ჩვენ საინტერესო სამუშაო შეხვედრა გვქონდა, თუმცა ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ მოქმედებებს და შესაბამისად, გამოიწვია ის რეაქცია, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ არ უნდა გამომეთქვა ასეთი ტიპის ფრაზები და შესაბამისად, გამომეჩინა ის თმენის ვალდებულება, რომელიც საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. საკრებულოში ხვალ მივალ და გავაკეთებ ძალიან საინტერესო განცხადებებს, ვუპასუხებ ყველა დასმულ კითხვას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერი თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ახალი სასტუმროს "რუსთაველი ბუტიკ ჰოტელის" გახსნის ცერემონიაზე მივიდა, სადაც მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სტვენითა და ხმაურით შეხვდნენ და გადადგომისკენ მოუწოდეს.