საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი და კომპანია BP, რომელიც კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია, ხვალ, 12 სათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში რიოს 2016 წლის პარაოლიმპიადისთვის მზადებაზე ისაუბრებენ.
BP საქართველოში, პარაოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერი და სამი პარასპორტსმენის ოფიციალური სპონსორია.
"ჰოლიდეი ინში" შედგება ისტორიაში, სპორტულად მოპოვებული პირველი ოფიციალური პარაოლიმპიური ლიცენზიის დასტურის პრეზენტაცია. მხედველობადაქვეითებულთა შორის ძიუდოში, საქართველოს, რიოს პირველი ლიცენზია BP-ის ელჩმა სპორტსმენმა ზვიად გოგოჭურმა მოუტანა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავანმა, გასულ წელს მსოფლიო თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლით დასრულების შემდეგ, მომავალ პარაოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება გაინაღდა.
ლიცენზიისთვის ბრძოლას წარმატებით განაგრძობენ კომპანია BP-ის ელჩი სპორტსმენები: ეტლით მოფარიკავე - ირმა ხეცურიანი და მოცურავე - ნიკა თვაური. წელს ირმამ უნგრეთის ქლაქ ეგერში გამართულ შეჯიბრებაზე არაოლიმპიურ სახეობაში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიურ დისციპლინაში, რაპირით ფარიკაობაში კი უძლიერეს 8 მონაწილეს შორის შევიდა და მნიშვნელოვანი სარეიტინგო წინსვლა განიცადა.
თვაურს მაისში პორტუგალიაში გასამართი ევროპის პირველობა ელის, სადაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემთხვევაში, პირველი ქართველი პარასპორტსმენი იქნება, რომელიც ზედიზედ ორ პარაოლიმპიადაზე შეძლებს გამოსვლას.
BP ასევე მხარს უჭერს საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტს საქართველოში პარაოლიმპიური მოძრაობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პოპულარიზაციაში.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან, ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, სეოკის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სხვა მნიშვნელოვანი პირები და მედიის წარმომადგენლები.
დაგეგმილი "ივენთი" ხვალ სასტუმრო Holiday Inn-ში 12 საათზე დაიწყება.