კეთილო ფრაუ,
თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ.
თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანსი გვერქვას.
თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ.
ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.
კონსტანტინე გამსახურდია, "მთვარის მოტაცება"