საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ ტექნოპარკში, „სტარტაპ-საქართველოს" მაღალტექნოლოგიური კომპონენტის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება იმ დინამიკას და განვითარებას, რომელსაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი.
იან კელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის მთავრობა და ტექნოლოგიური სექტორი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
„ბევრმა თქვენგანმა იცის საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტის ძირითადი მიზნები. პირველ რიგში, ეს იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ასევე შეხვედრა მოვაწყვეთ 10 ახალგაზრდა მეწარმესთან. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღიარებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ახალგაზრდა მეწარმეები წარმოადგენენ საქართველოს დინამიკურ ძალას, ფოკუსირებული არიან ქვეყნის მომავალზე, ტექნოლოგიური საზოგადოების შექმნაზე საზღვრების გარეშე იმ რეგიონში, სადაც ამდენი ქვეყანა ცდილობს, საზღვრები შექმნას ხელოვნურად, შექმნას ხელოვნური ბარიერები ხალხს შორის. მე ვფიქრობ, ასეთი საზოგადოება ცდილობს ინტეგრირებას მსოფლიო საზოგადოებაში. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება იმ დინამიკას და განვითარებას, რომელსაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი. მინდა, მოგესალმოთ ყველა მონაწილეს, რომლებმაც თავიანთი პროექტები წარმოადგინეს. მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის მთავრობა და ტექნოლოგიური სექტორი თქვენ ხელს გიწყობს. გავაგრძელებთ თქვენს მხარადჭერას",- მიმართა იან კელიმ „სტარტაპ-საქართველოს" ფინალისტებს.