ახალციხეში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა შს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა გახსნეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ახალციხის სამმართველოს განახლებული შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, შეკეთდა სასწავლო კოშკურა.
შს მინისტრის მოადგილემ სამმართველოს რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა. განახლებულ შენობაში 33 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი იმუშავებს.
შს სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს.
2016 წელს განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 11 შენობა და აშენდა 1 ახალი ნაგებობა.
მიმდინარე წლის ბოლომდე 3 ახალი ნაგებობის მშენებლობის დასრულება და 1 ძველი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.