ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია - ის იქნება მარიონეტი დიდი ბოლშევიკების ხელში, როგორებიც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
„არც ერთ პარტიას არ ვუსურვებ ასეთ კონდიციას, სადაც „ნაცმოძრაობაა“, თუმცა, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ეს არის კომიკური მდგომარეობა. ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია, რა თქმა უნდა, პატარა ბოლშევიკი, დიდ ბოლშევიკებს ვერ მომართავს, მთავარი მიზეზი, თუ რა არის მისი დაყენების უკან, არის ის, რომ ის უნდა იყოს ფორმალური თავმჯდომარე, სინამდვილეში, პროცესები უნდა მართონ - კეზერაშვილმა ქვეყნის გარედან, მერაბიშვილმა ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, არავითარი თავმჯდომარე ხაბეიშვილი არ იქნება, ის იქნება ერთგვარი მარიონეტი დიდი ბოლშევიკების ხელში, როგორებიც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან“, - განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს - ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ დეკანოიძე სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება. როგორც მელიას, ისე ხაბეიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნები, მიუხედავად შედეგისა, პარტიის ორად გაყოფის მიზეზი არ გახდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.