logo_geo
eng_logo
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების ინსტალაცია გამოიფინება
- +

26 აგვისტო. 2016. 11:33


 

26 აგვისტოს, 20:00 საათზე, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი აუდიო-ვიდეოინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" პრეზენტაცია გაიმართება.


პროექტის ფარგლებში, მუსიკოსი დიმიტრი დადიანი და ვენაში მოღვაწე ქართველი ვიდეოარტისტი თათია სხირტლაძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს,  1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს" ინსპირაციით ერთობლივად შექმნიან აუდიო-ვიდეოინსტალაციას. თანამედროვე ხელოვანების ნამუშევარი მომავალში ონის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის ნაწილი გახდება.


ბენო გორდეზიანი ქართული მოდერნიზმის წარმომადგენელია. მისი შემოქმედება საზოგადოებისთვის კარგად  ცნობილი არ არის. მხატვრის სახელოსნოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბენო გორდეზიანის კოლექცია განადგურდა, შემორჩენილია მხოლოდ ორი ნამუშევარი, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.


აუდიო-ვიდეოინსტალაციისა და „ცხრაწყაროს" ორიგინალის გამოფენის გარდა, პროექტში მონაწილე არტისტები მოდერნიზმისა და ნამუშევრის შექმნის ისტორიის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ და ჩაატარებენ ვიდეოარტისა და ელექტრონული მუსიკის მასტერკლასებს.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.


„ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის მედეა სირბილაძის ხსოვნას ეძღვნება.


დასწრება თავისუფალია!


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner