logo_geo
eng_logo
ქეთი ციხელაშვილი: მოუგვარებელი კონფლიქტები არცერთი მხარის ინტერესს არ ემსახურება
- +

26 აგვისტო. 2016. 11:40



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთი ციხელაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 8 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „8 წლისთავზე დადგა დრო, ქართულმა, აფხაზურმა, ოსურმა საზოგადოებებმა გავაცნობიეროთ, რომ მოუგვარებელი კონფლიქტი არ ემსახურება არც ერთი ჩვენი ხალხის ინტერესებს".

 

„8 წელი გავიდა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ძალიან ტრაგიკული მოვლენებიდან, აგვისტოს ომიდან. 8 წლისთავზე, ალბათ, ნათელია ის, რომ რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით წარუმატებელია. საერთაშორისო საზოგადოება მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე, წყნარი ოკეანის ორმა სახელმწიფომ - ვანუატუმ და ტუვალუმ - ფაქტობრივად, უკან გაიწვია საკუთარი აღიარება.

 

მაგრამ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ 8 წლისთავზე დადგა დრო, როდესაც ჩვენ - ქართულმა, აფხაზურმა, ოსურმა საზოგადოებებმა - უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის, რაც ჩვენ გავიარეთ ომის და კონფლიქტის სახით, ის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს განგრძობითი ოკუპაციისა და მოუგვარებელი კონფლიქტის სახით, არ ემსახურება არცერთი ჩვენი ხალხის ინტერესებს. ალბათ, დროა, რეალურად შევაფასოთ ვითარება, მათ შორის, ის პროცესები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიდის", - განაცხადა ქეთი ციხელაშვილმა.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში აფხაზურ და ოსურ საზოგადეობის ნაწილში, ალბათ, ე.წ. აღიარებასთან დაკავშირებით ეიფორია სრულიად სამართლიანად გაქრა და გაჩნდა შიშები რუსიფიკაციის პროცესთან და საკუთარი იდენტობის დაკარგვასთნ დაკავშირებით.


„აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავიხედოთ უკეთესი და მშვიდობიანი მომავლისკენ, რომლის წინაპირობაა დიალოგი, შერიგება, ნდობის მშენებლობა და ეს არის ჩვენი პოლიტიკის მთავარი ხაზი", - განაცხადა ციხელაშვილმა.

 

რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამაჩაბლო - 2008 ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner