ოზურგეთში ახალი პროექტის - „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ განხორციელება იწყება, რომელიც ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში წარმატებული სტუდენტების ჩართულობას გულისხმობს.
ამ მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ვიწყებთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ,,ოზურგეთის ახალი სიცოცხლე” განხორციელებას, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში ახალი თაობის არქიტექტორების, ურბანისტების და დიზაინერების ჩართვას გულისხმობს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მოხდება არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტების ჩართულობა ახალი პროექტების განხილვის და შემუშავების პროცესში”, - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.