ბექა ბურჯანაძე კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
„რეჯიო ემილიამ”, რომელიც იტალიის ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ მოპოვებული 2 გამარჯვებით მე-11 ადგილზეა, ქართველ ფორვარდს კონტრაქტი გაუფორმა. თორნიკე შენგელიას შემდეგ, რომელიც „ვირტუს ბოლონიას” ღირსებას იცავს, ბურჯანაძე სერია A-ში მეორე ქართველი იქნება.
ბექამ „რეჯიო ემილიაში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მის დებიუტს უახლოეს ტურში უნდა ველოდოთ. მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატში 19 ნოემბერს „ვერონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 22 ნოემბერს – ჩემპიონთა ლიგაზე თურქულ „პინარ კარშიაკასთან“ ითამაშებს.
ბურჯანაძე მიმდინარე სეზონში უგუნდოდ იყო, წინა სეზონი კი ესპანურ „ბეტისში” გაატარა.