logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: მამაჩემის წიგნი გადავიკითხე, ძალიან მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა...
- +

17 თებერვალი. 2016. 01:44



გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში მისი მამის ნაშრომს აქვეყნებს, სადაც ლევილის მამულის შესახებ წერს:



„მამაჩემის წიგნი გადავიკითხე და ძალიან მომინდა, ეს პასაჟი თქვენთვის გამეზიარებინა:

 

... მიიწურა საფრანგეთში ჩემი მივლინების დღეებიც. სამშობლოში წამოსვლის წინა დღეს ლევილში ჩავედი იქაურებთან გამოსამშვიდობებლად: ზაფხული იყო და პარიზიდან და ვერსალიდან ჩამოსულები იქ ისვენებდნენ ნუცა და ორესტ გორდელაძეები, შალვა თაყაიშვილი მეუღლითურთ; აღარაფერს ვამბობ თვით ლევილელ ქართველებზე, კერძოდ, რუბენ გვეტაძე, ჟაკლინ ხაბულიანი, სიმონ კეკელიძე, ნიკო ურუშაძე, მამია და ქრისტიანა ბერიშვილები გზას მილოცავდნენ და შინ მშვიდობით დაბრუნებას მისურვებდნენ. მივედი ბატონ გიორგი წერეთელთანაც:

 

- ერთი თვის წინ რომ აქ ჩამოვედი და გნახეთ (ეს იყო 1 ივლისს), იმასთან შედარებით მართლაც უკეთ გამოიყურებით, ხმაც მოგემატათ და ფერიც, მაგრამ კიდევ უკეთ გახდებით ჩვენთან თუ ჩამოხვალთ. მაშ, გელოდებით საქართველოში! - ვეუბნები ბატონ გიორგის (ეს უკვე გახლდათ 28 ივლისს).

 

ბატონი გიორგი თავის სამუშაო ოთახში შევიდა და ქართული საბეჭდი მანქანა ააჩხაკუნა. მალე გარეთ გამოვიდა და ასეთი ბარათი გადმომცა:

ლევილი, 1991 წლის 28 ივლისი

ძვირფასო გურამ,

თქვენ ხვალ მიემგზავრებით ჩვენს სამშობლოში. გთხოვთ უმორჩილესად, ეამბოროთ მის მიწას ჩემს მაგივრად.

წინასწარი მადლობით

გიორგი წერეთელი"

 

P.S. ბატონმა გიორგიმ შეასრულა თავისი სიტყვა: ნახევარი საუკუნის განშორების შემდეგ, - ეთერთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და 1991 წლის ოქტომბერი სამშობლოში გაატარა...

 

მცირე დეტალი: თბილისის აეროპორტში რომ ფეხი პირველად დადგა, ჩუმად დაიჩოქა და მშობლიურ მიწას ემაბორა..."

 

გურამ შარაძე, „ფრანგული დღიური"

 

P.P.S. რა ბედნიერი ვარ, რომ ბატონი გიორგი შინ გვესტუმრა და პირადად გავიცანი (..)...

25 წელი გასულა..."

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner