logo_geo
eng_logo
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი განხორციელდება
- +

20 ნოემბერი. 2022. 19:20

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი განხორციელდება.

პროექტის მნიშვნელობასა და მის მოსალოდნელ შედეგებზე, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ისაუბრა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ირაკლი მეძმარიაშვილის ინფორმაციით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ სკოლებსა და ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამა განხორციელდება. მისივე განცხადებით, საპილოტე პროგრამის შედეგების გაცნობის და გაანალიზების შემდეგ, შესაძლოა მოსწავლე-ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყოს და ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება. შეხვედრის მონაწილეებმა კომიტეტის ინიციატივა მოიწონეს და მისი განხორციელების მნიშვნელობა აღნიშნეს.

შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა სპორტის სფეროში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობისგან, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინეს და იმ საჭიროებებს გაეცნენ, რასაც ადგილობრივი სპორტსმენები და მწვრთნელები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ირაკლი მეძმარიაშვილი და კომიტეტის წევრები ადგილობრივ სპორტის მესვეურებს, პრობლემების მოგვარებაში, კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და დახმარებას დაჰპირდნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრას, სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის წევრებთან ერთად, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები და კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლებისა და მეცნიერების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრები დაესწრნენ.

კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, პარლამენტის წევრებმა ოზურგეთის სპორტული ინფრასტრუქტურა, მოქმედი და მშენებარე სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის და რაგბის სტადიონები მოინახულეს. დეპუტატები ასევე ეწვივნენ სოფელ ბახვის საჯარო სკოლას, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სასმელი წყლის გამწმენდ- გამფლირტავი სისტემები დამონტაჟდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner