იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. რატი ბრეგაძემ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან:
„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, პირველ რიგში, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარმოუდგენია. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და, ამავდროულად, სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი, ჩვენ ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ბრეგაძემ.