მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ კიშინიოვში საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული და შურისძიებაა მოლდოვას სოლიდარობისთვის ევროკავშირისა და უკრაინის მიმართ.
„ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ კრიმინალური დაჯგუფებები, რომელთა მიზანია მოლდოვას დესტაბილიზაცია. ჩვენზე თავდასხმები ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც ახლა ვაწყდებით. ასეთ ჯგუფებს, უხდიან ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად, მათ პირდაპირ აფინანსებს რუსეთი. ეს მტრული ქმედება შურისძიებაა იმის გამო, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ ევროკავშირსა და უკრაინას“, - აღნიშნა მაია სანდუმ.
სანდუმ ასევე განაცხადა, რომ მოლდოვა უკრაინასთან ერთად მომავალში აირჩევს დემოკრატიას, მშვიდობასა და თავისუფლებას.
პარტია „შორი“ დაახლოებით 10 კვირაა კიშინიოვში საპროტესტო აქციებს აწყობს. ისინი პრეზიდენტის გადადგომას, პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვენ.