თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მალე ტანკებითა და ჯარისკაცებით ქურთულ დაჯგუფებებს შეუტევს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის აღნიშნული განცხადება სირიაში ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ შესაძლო სახმელეთო ოპერაციის მანიშნებელი შეიძლება იყოს.
წყაროების განცხადებით, თურქეთის არტილერიამ განაგრძო ქურთების ბაზებისა და სხვა სამიზნეების დაბომბვა სირიის ტერიტორიაზე.
„ჩვენ რამდენიმე დღეა ვანადგურებთ ტერორისტებს ჩვენი თვითმფრინავებითა და ქვემეხებით. ღმერთმა ქნას, რაც შეიძლება მალე ამოვძირკვოთ ყველა მათგანი ჩვენი ტანკებისა და ჯარისკაცების მეშვეობით“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
მანამდე ერდოღანმა აღნიშნა, რომ ოპერაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ საჰაერო კამპანიით და სახმელეთო ძალებიც შეიძლება ჩაერთონ.