აშშ უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა.
„დღეს აშშ-მა განაგრძო უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის გამოხატვა დამატებით 4.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის გრანტების მობილიზებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული თანხა უკრაინის მთავრობას დაეხმარება მნიშვნელოვანი საჯარო სერვისების მხარდაჭერაში, მათ შორის საავადმყოფოს მუშაკების, საჯარო მოხელეებისა და მასწავლებლების ხელფასების დაფარვაში, ასევე მოხუცებისა და სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების გაწევაში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას საბიუჯეტო დახმარების სახით 13 მილიარდი დოლარი გამოუყო.