ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტარებმა დღეს მიიღეს.
ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსული ძალების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორისტულ აქტებს და ომის დანაშაულს.
ამის გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები აღიარებენ რუსეთს, როგორც ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს და როგორც სახელმწიფოს, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს.
იმის გამო, რომ ევროკავშირს ამჟამად არ შეუძლია ოფიციალურად გამოაცხადოს სახელმწიფოები ტერორიზმის სპონსორებად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და განიხილონ რუსეთის დამატება ასეთ სიაში.