პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა ნარმანია თბილისის მერის თანამდებობიდან, განაცხადა, რომ ამისთვის იმ ფაქტის ტოლფასი საფუძვლები უნდა არსებობდეს, რომ ნარმანია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული მერია.
„ქალაქის მერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმ გამონათქვამის გამო, რომელიც, ბუნებრივია, არც თავად მას მოეწონა და არც იმათ, ვისი არჩეულიც არის ქალაქის მერი. კარგია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა და საზოგადოებას აუხსნა. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ყველაზე კრიტიკულად აფასებს ამ გამონათქვამს. რაც შეეხება გადადგომას, თბილისის მერი არის თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პირი და ეს სხვა ტიპის ლეგიტიმაციაა, ასე რომ, თუ იარსებებს საფუძვლები ტოლფასი იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის არჩეული ქალაქის მერი და არის კანონიერი საფუძვლები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ისე, რომ რამდენი ადამიანი განაწყენდება, იმის მიხედვით დადგეს იმპიჩმენტის საკითხი, მე მგონი, რომ ეს არ ქმნის იმ სამართლებრივ სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ",- განაცხადა ეკა ბესელიამ.