logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ან ისინი იქნებიან, ან - საქართველო, ერთად - არასოდეს!
- +

26 აგვისტო. 2016. 15:45



თბილისში, ვერაზე, გაუქმებული აბრეშუმის ფაბრიკის ეზოში, როგორც რევოლუციური „ავრორა" პეტრეს ქალაქში, ნევის სანაპიროსთან ღუზაჩაშვებული კრეისერი, დგას გოგა ხაინდრავას სტუდიის ავტობუსი წარწერით - „ლეხაინდრაო პროდაქშენ".


კარგია!


თურმე არ გამქრალა იუმორის გრძნობა საქართველოში.


ეს „კრეისერი" ამ დღეებში კინოპროექტის „9+1"-ის ორ გასრლოლას აპიარებს ტელესივრცეში: ერთს - 6 სექტემბერს, მეორეს - ოქტომბრის დასაწყისში.


არჩევნებამდე.


სიმართლის ორ ზალპს ქვეყანაში, რომელიც დღეს უმწვავეს დაპირისპირებათა ასპარეზად არის ქცეული და სჭირდება მხარში ამოდგომა, „რადგან, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე" (იაკ.2,25)


რწმენის მაცოცხლებელი საქმე უმოკლეს ვადაში დასრულდა.


- როგორ შეძელით, ბატონო გოგა, ერთ წელიწადში ჩაგეტიათ ის ტრაგიკული 9 წელიწადი, როცა ხალხმა „დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები"... როცა „ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ... შეჭირვებულნი, შევიწროებულნი, დათრგუნულნი" (ებრაელთა მიმართ, 11, 36-37)


- ფილმის სამუშაო სახელწოდება იყო „9+1".


ახლა ჰქვია „ჰეროკრატია". მაყურებელი ფილმის ნახვის შემდეგ მიხვდება, რატომ გადავარქვით სახელი.


ყველაფრის ჩატევა ერთ წელიწადში, ერთ ფილმში შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ იგი (ფილმი) საკმაოდ მოცულობითია, 24 სერიაა, თითოეული 40 წუთის ხანგრძლივობის. ეს არის 12 სრულმეტრაჟიანი ფილმი. თანაც - მხატვრული ფილმი, თავისი არსითა და სტრუქტურით.


უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი სააკაშვილის რეჟიმს. მარტო ჩვენ 1200 ინტერვიუ ჩავიწერეთ, განზრახული გვაქვს „თეთრი წიგნის" გამოცემა ამის საფუძველზე. 18 ათასი საჩივარი არის შეტანილი პროკურატურაში. ამ მასიდან ამოვარჩიეთ ისეთები, რომლებშიც სახელმწიფო მანქანა თრგუნავდა და კლავდა ხშირ შემთხვევაში ერთ, ცალკე აღებულ ადამიანს, და ასეთ დანაშაულში პრეზიდენტით დაწყებული, რიგითი ბადრაგით დამთავრებული, ყველა რანგის საჯარო მოხელე, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მონაწილეობდა.


ჩვენი ფილმი არის სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულობათა ეკრანული მხილება.


- „ეს არის ფილმი-ეპოპეა, რომელმაც, უპირველესად, საზოგადოება უნდა დააფიქროს იმაზე, ამდენი საშინელება როგორ დავუშვით", - ნათქვამი გაქვთ ერთგან.


- ოცდამეერთე საუკუნეში ქართველმა საზოგადოებამ, ხალხმა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც ყოველთვის წმინდად იცავდა მართლმადიდებლობის ფუძემდებლურ პრინციპებს და დღეს ქრისტიანობის ერთ-ერთი გადარჩენილი აკვანია მთელ მსოფლიოში, დაუშვა, რომ მის ქვეყანაში ფეხი მოეკიდა გაუნათლებელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წერა-კითხვის უცოდინარი ბოგანოების მიერ ჩამოყალიბებულ უსასტიკეს, ავტორიტარულ რეჟიმს, ეს, მე ვფიქრობ, უწინარეს ყოვლისა, საზოგადოებრიობის ბრალია, მისი პრობლემა და საფიქრალია. ამ საფიქრალიდან გამომდინარედ ვიმუშავეთ, გავერთიანდით მთელი ჯგუფი. ამ საფიქრალმა და ტკივილმა მოგვცა იმის მუხტი და შესაძლებლობა, რომ მთელი ჩვენი ენერგია, რწმენა, პროტესტი ჩაგვედო „ჰეროკრატიაში". საზოგადოება ნახავს ამ ყველაფერს, შეგვაფასებს ჩვენ და, ვიმედოვნებ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავსაც.


- „ღამის მთავრობა", - ასე დაახასიათეთ რეჟიმის მმართველთა ჯგუფი. ამ ღამეულ მანიაკებს სათავეში ედგა ერთი...


- სააკაშვილი, რა თქმა უნდა.

 

- დიახ. ჩემს შეკითხვას ასე ჩამოვაყალიბებ: სტალინმა ერთი რუსი მწერლის (ანდრეი პლატონოვის) მოთხრობა („ვპროკ") რომ წაიკითხა, წიგნის (თუ ჟურნალის) კიდეზე მიაწერა: „ნიჭიერი მწერალია, მაგრამ არამზადაა". რა თქმა უნდა, გსმენიათ, სააკაშვილზე რომ ამბობდნენ, ნიჭიერიაო. თქვენ გქონდათ მასთან ურთიერთობა, რა ნიჭი შეამჩნიეთ ამ კაცში?

 

- ნიჭი არის ადამიანზე გადმოსული ღვთიური მადლი. ღვთის მიერ მინიჭებული. სააკაშვილში ეშმაკეული ძალა იყო კონცენტრირებული (და არა მხოლოდ მასში), და იმართებოდა ამ ბნელი ძალის ნებით. ნიჭი, ნიჭიერება სიკეთის მატარებელია. ამ კაცის ქმედებაში არანაირი სიკეთე არ შეიმჩნეოდა. იგი იყო აგებული ვნებაზე, გარყვნილებაზე, ბოროტებაზე, პატივმოყვარეობაზე, ვერცხლისმოყვარეობაზე.


მისი ნიჭიერება მე ვერ დავინახე, თუმცა საკმარისად დიდხანს ვითანამშრომლეთ. ენერგია - იყო, ძალაც ჰქონდა ადამიანზე ზემოქმედების. იგი, როგორც ნეგატიური მოვლენა, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ეს შესაძლებელი გახდა დასავლეთის ისეთი ბნელი ძალების მხარდაჭერით, როგორიც, მაგალითად, ევროპაში ცნობილი „სახალხო პარტიაა". ამ პარტიის ხელმძღვანელი თავს უფლებას აძლევს, ჩამოვიდეს საქართველოში, მერაბიშვილს პოლიტპატიმარი უწოდოს, რომელმაც იმდენი ვნება და ბოროტება მოუტანა საქართველოს, რომ უფრო მეტის წარმოდგენაც კი ძნელია.


- „ორი გვამი მინდა"...


- გვამებზე იარეს! ამას ნახავს ჩვენი ფილმის მაყურებელი. ღირსებას ულახავდნენ ადამიანებს, ებრძოდნენ ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასი და სათაყვანებელია, იგივე უგულავები და სხვები. ახალაიებზე არაფერს ვამბობ, რადგან მათ ადამიანებში არ მოვიხსენიებ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენაა, როგორ შეიძლება, სამი კაციჭამია ერთ ოჯახში ცხოვრობდეს.


საზოგადოება ნახავს მათ ნამოქმედარს და ზუსტად შეაფასებს, ვინ არის მართალი, ვინ - მტყუანი.


- აქა-იქ, პრესაში გამოჩნდა მოსაზრებები, რომ ე. წ. ციხის კადრები, რომლებმაც თავის დროზე შეძრა საქართველოს საზოგადოებრივი აზრი, დადგმული იყო.


- „დადგმული" იყო დიახაც სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების მიერ და შესრულებული კოხტა კოდუების, მეგის ქარდავების და სხვა ჯალათების მიერ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული ამ მიმართულებით მიუძღვის ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმ მკივანა ჯგუფს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქართველი საზოგადოებისთვის დაეხურათ სიმართლის კარი. ისინი ფულს იღებენ და არსებობენ იმისთვის, რომ ჯებირები დადგან საზოგადოების განვითარების გზაზე. ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ, რადგან მესამე სექტორში ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი არის გაერთიანებული და თავის ქვეყანას ნამუსიანად ემსახურება. მაგრამ ძირითადად ეს ფენა ფულით მართული კონტიგენტია, რომელიც საჭირო მომენტში დამფინანსებლების ინტერესებს განახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მათ, მაგალითად, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა ეს ვიდეოფირები საზოგადოებისთვის ნაჩვენები არ ყოფილიყო, არადა, ამ ჩანაწერებზე ხელი მიუწვდებოდა ყველაზე ბნელ ძალებს, კრიმინალებს ნებისმიერი შანტაჟის მოსაწყობად.


„პირადი ცხოვრების ამსახველი" ფაილების რაოდენობა 35 ათასზე მეტია. როცა ამ მასას ლეგალურ გზას გადაუკეტავ, იგი არალეგალურად გავრცელდება, ისე, როგორც ნარკოტიკები, იარაღი, როგორც ნებისმიერი აკრძალული ხილი.


მათი მიზანი იყო ამ ფაილების გამოყენება პოლიტიკური ბატალიების დროს წინასაარჩევნო პერიოდში.


დადგმულიაო, იძახიან... მაშინ დაგვისახელონ მონაწილე არტისტები. ვერ დაასახელებენ, რადგან ცრუობენ. წამება-გაუპატიურების ფაილები სავალალო სიმართლეა. პირადად შევხვედრივარ იმ ადამიანებს, რომლებიც ნაწამები იყვნენ. ჩაწერილი გვაქვს მათი მონაყოლი. თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ მათგან ცოტამ გაბედა, ესაუბრა იმაზე, რაც თავს გადახდა. ვინც ილაპარაკა, გმირობის ტოლფასი რამ ჩაიდინა.


წამების ის ხერხი, რომელსაც ქართველმა საზოგადოებამ გაუპატიურება უწოდა, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო ცნობილი.


აი, საით მიჰყავდა ნაცმოძრაობას საქართველო!


ველოდი, რომ როცა ციხის - ამ ჯოჯოხეთის - კარი გაიღებოდა, იქიდან გამოსული ადამიანები საკადრისს მიუზღვავდნენ მათ მწამებლებს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ერთ-ერთი მოტივაცია, რომელმაც ამ ფილმის გადაღება გადამაწყვეტინა, იყო ის, რომ ვერ დავინახე ჩვენი საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება ამ კაციჭამიების მიმართ. მათ დღესაც პოლიტიკურ ორგანიზაციად მოიხსენიებენ, ისინი კვლავ მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და გავლენაც აქვთ საზოგადოების რაღაც ნაწილზე. მეტიც, ერთ-ერთი მათგანი ევროპარლამენტის ხელმძღვანელობაში არჩევასაც კი ცდილობდა „სახალხო პარტიის" ლიდერების და მსგავსი პოლიტიკორუფციონერების მხარდაჭერით.


ქართველ საზოგადოებას და ქართულ კინოეკრანს ვერ ვაკადრებ ყველაფერ იმის ჩვენებას, რასაც ისინი სჩადიოდნენ, მაგრამ, რასაც წარვუდგენ, საკმარისი იქნება ბოკერიების, ბარამიძეების, ვაშაძეების, ჯაფარიძეების და სხვათა ჭეშმარიტი სახეების წარმოსაჩენად, რომლებიც „გირჩის" თუ, ღმერთმა უწყის, რის სახელს ამოფარებულები, ცდილობენ გაექცნენ თავიანთ წარსულს.


ვერ გაექცევიან, რადგან იცოდნენ, ხმას აძლევდნენ, ამართლებდნენ იმ საშინელებას, რომელიც ხდებოდა ციხეებში, უწინარესად, - გლდანის საპყრობილეში, სადაც მძვინვარებდა ქილერად წოდებული ვინმე მუხაძე, რომელსაც ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა არაფრად მიაჩნია. ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად აღვადგინეთ გლდანის ჯოჯოხეთი და საზოგადოებას განსასჯელად წარვუდგინეთ.


- „ასავალ-დასავალში" გიორგი შენგელაიამ თქვა, რომ სამეგრელოდან დეპუტატობის კანდიდატად წამოყენებული სანდრა რულოვსი „ისევეა ფეხებით ჩამოსაკიდი, როგორც სააკაშვილი". ეს - პარალელი...


- დუჩეს და მისი საყვარლის სამარცხვინო დასასრულთან.


სანდრა რულოვსი აბსოლუტური შემთხვევითობაა საქართველოს სინამდვილისთვის. ფეხებით ჩამოკიდების რა მოგახსენოთ, მაგრამ, მე მგონი, უმჯობესი იქნება, თავის ქვეყანაში წავიდეს და მიწათმოქმედებას მიხედოს. ეგებ, გლეხის ქალობით უკეთ გაიტანოს თავი, რადგან ვერ შედგა როგორც პირველი ლედი ჩვენი ქვეყნისა. იგი მორალურად სრულად ინაწილებს იმ დანაშაულებრივ ტვირთს, მის ქმარს და იმ სექტას რომ აწევს, რომლის სახედაც ცდილობენ ამ ქალის წარმოჩენას. მას თავმოყვარეობის ნასახი რომ ჰქონდეს, საერთოდ არ გამოჩნდებოდა საქართველოში, ფეხს არ დაადგამდა სამეგრელოს მიწას, სადაც კოხტა კოდუები და მისთანანი სააკაშვილის კაციჭამიურ პოლიტიკას პრაქტიკულად განახორციელებდნენ. იგი ისეთივე გარყვნილი ადამიანია პოლიტიკურადაც და ზნეობრივადაც, როგორიც მისი ქმარი.


სამეგრელოში თუ აირჩევენ, სამეგრელოც არ ყოფილა და ეგაა! აღარ არსებობს თურმე ჩემი მხარე და ჩემი კუთხე! თუ იქ ნაცმოძრაობა გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ მან - სამეგრელომ თავისი თავი დაკარგა. მაგრამ, არა მგონია, რომ ცოტნე დადიანის მხარე ამდენად დაძაბუნდეს და ამდენად დაეცეს მორალურად.


და საერთოდ: ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ რეალობასთან გვაქვს საქმე.


ბოროტმოქმედი მიხეილ სააკაშვილი იძებნება საქართველოს მართლმსაჯულების მიერ. მას კაცობრიობის წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული, რომელიც ადრე თუ გვიან დაუმტკიცდება, ამის პირობას ვაძლევ ყველას. იგი თავს აფარებს მეზობელ ქვეყანას, საიდანაც პრაქტიკულად ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის მოწმე მთელი საქართველოა. თბილისში ფუნქციონირებს დივერსიული საზოგადოება „რუსთავი-2", რომელიც მისი ყველა ბოროტი გეგმის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს მიზანმიმართულად, დაუფარავად, ჩვენ თვალწინ.


პირდაპირ გეტყვით - აღარაფერი მიკვირს ქართული პრესის, რომელიც მერკანტილური ინტერესების გამო ღიად უჭერს მხარს ასეთ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. თუ არა მერკანტელიზმი, სხვა ვერაფრით აიხსნება, როცა მედია, საკუთარი რეიტინგული და ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მისივე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ფარვატერს მიჰყვება.


ნაცებს სჭირდებათ ასეთი პოლიტიკის განხორციელება, რათა აირიოს ყველაფერი, დაიწვას, აფეთქდეს და დაიფერფლოს მთელი ქვეყანა.


მაგრამ ვერ მოესწრებიან, რადგან მათი დრო წავიდა. ისინი თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან" აქვთ პრობლემა. არადა, პრობლემა დროსთან და ქართველ ხალხთან აქვთ, ამიტომაც არიან განწირულები. მიზერული შანსიც არ არსებობს მათი დაბრუნების! მსოფლიოს მთელი ბნელეთი რომ დაუდგეთ უკან, ისინი საქართველოში ვერ დაბრუნდებიან, რადგან არ მიიღებს საქართველო მათ.


ან საქართველო არ იქნება, ან ისინი არ იქნებიან. ორივეს ერთად ყოფნა წარმოუდგენელია!




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner