შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 6 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული გ.მ. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, 128 ვაზნა და 4 მჭიდი.
ამავე დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1941 წელს დაბადებული ო.ო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ო.ო.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 680 ვაზნა, 3 ხელყუმბარა და 5 სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული ა.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი და 28 ვაზნა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული გ.წ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა სისტემის 2 პისტოლეტი, შაშხანა, ფეთქებადი ნივთიერება, 2 ხელყუმბარა, 12 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 293 ვაზნა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 16 ვაზნა, გადაჭრილი სანადირო თოფი და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. გეკო.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.