საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი – მხატვარი, პროფესორი ყარამან ქუთათელაძე და ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ლალი თარიმანიშვილი წარადგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ახალი რექტორის არჩევნები გაუმჯობესებული წესდებით გაიმართა და პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართა.
სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორის არჩევნები მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. კანდიდატურა შეირჩა კონკურსით და აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, რექტორად ოთხი წლის ვადით ყარამან ქუთათელაძე აირჩია.
ყარამან ქუთათელაძე 1976-1983 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, 1983-2006 წლებში ამავე აკადემიაში პედაგოგად მუშაობდა, 2005-2006 წლებში კი იყო სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი. ის არის ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, Fest I Nova-ს, დამფუძნებელი, რომელიც 2007 წლიდან იმართება. ასევე, 2000 წლიდან არის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულას“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. სხვადასხვა წლებში იყო არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კულტურული ღონისძიების ორგანიზატორი და კურატორი. ამასთან, ყარამან ქუთათელაძე ცნობილი ხელოვანებისა და მოღვაწეების ოჯახიდანაა და თავისი წინაპრების დიდი ტრადიციების გამგრძელებელია. ის გახლავთ ვაჟი ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოღვაწის, აპოლონ ქუთათელაძისა, რომლის სახელსაც თბილისის სამხატვრო აკადემია დღემდე ატარებს და ქართველი მხატვრის, კირილე ზდანევიჩის შვილიშვილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყარამან ქუთათელაძე თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მუდმივად ზრუნავდა და ზრუნავს ახალგაზრდებზე, მათ შემოქმედებით და კარიერულ განვითარებაზე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) პოზიციაზე ლალი თარიმანიშვილი ასევე კონკურსის წესით შეარჩია აკადემიურმა საბჭომ და დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა. ის ამ პოზიციაზე 26 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით დაინიშნა. აკადემიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში. 2022 წლის ოქტომბრამდე იყო კულტურის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი. მანამდე იყო მიზნობრივი პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, პროექტების განხილვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, რეგიონული პროგრამების სამმართველოს უფროსი და სხვა. სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აპარატის ხელმძღვანელი და საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი (1995-2004წწ.).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს აკადემიურმა საბჭომ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების საფუძველზე ასევე ოთხი წლით შეარჩია აკადემიური პერსონალი. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გახდა მეგი წითლიძე, დიზაინის ფაკულტეტის დეკანი – გიორგი იაშვილი, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანი – თამარ ხუნდაძე, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი – ირაკლი პირმისაშვილი, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანი კი – ნანა იაშვილი.