ვირუსები, რომლებიც ახლა ცირკულირებენ, ყველა არის კარგად ცნობილი - არაფერია უჩვეულო, რაც აქამდე არ ხდებოდა სეზონზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ბოლო პერიოდში მომართვიანობა გაიზარდა, განსაკუთრებით ბავშვებში, 3 კვირის წინ გააქტიურდა ეს პროცესი, როდესაც სიცხის, ხველისა და სხვა სიმპტომების გამო ბავშვების მშობლებს ჰქონდათ შიში. ბოლო კვირაში, გამოძახებისა და ჰოსპიტალიზაციის კუთხით მატება აღარ არის. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მდგომარეობა დასტაბილურდეს და წამოვიდეს კლებისკენ.
შესაძლებელია მატება ისევ იყოს თებერვალში, რაც ახასიათებს ვირუსულ ინფექციებს სეზონურად, მაგრამ ეს არაფერია უჩვეულო მისგან, რაც აქამდე არ ხდებოდა სეზონზე. ვირუსები, რომელიც ცირკულირებს, ყველა არის კარგად ცნობილი ვირუსი. საქმე გვაქვს კარგად შესწავლილ, ცნობილ ვირუსებთან. დღეს უფრო მეტად არა გრიპის, არამედ რესპირაციულ-სინციტიური და ადენოვირუსი ცირკულირებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.