logo_geo
eng_logo
ა გ ე ნ ტ ო კ რ ა ტ ი ა
- +

27 ნოემბერი. 2022. 18:20

 

 

უკრაინის ომთან დაკავშირებული „დისკუსიების“ გასაჯაროვების შედეგად, კულისებიდან გამოსული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აშკარაა, რომ თვითმარქვია მეგობრების მხრიდან ჩვენი ქვეყნის „უკეთესი მომავლისთვის ზრუნვას“ კომპლექსური ხასიათი აქვს. უფრო ხალხურად რომ ვთქვათ, გადავლაზე არიან წამოსული. ისიც აშკარაა, რომ ყველაფერი ერთი ცენტრიდან იმართება.

 

აგენტოკრატია - „ხალხის ძალის“ მიერ ახალ დისკურსში შემოტანილი ეს რთული შინაარსის სიტყვა ზუსტი შესატყვისია იმ დამოკიდებულებისა, რასაც ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვისთვის იყენებს. კლასიკური გაგებით, აგენტია პირი, ვინც ამა თუ იმ ქვეყანაში სხვა, უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს. როგორც წესი, ამგვარ საქმიანობაში ჩაბმა უანგაროდ არ ხდება ხოლმე. „სტრატეგიული პარტნიორების“ ოცდაათწლიანმა „დაუღალავმა შრომამ“ და ამ საქმეში ჩაყრილმა ასეულობით მილიონმა დოლარმა შედეგად მოიტანა აგენტურის მთელი კორპუსების შექმნა.

 

„ხალხის ძალის“ მიერ თავდაცვის ახალი „ფრონტის ხაზის“ გავლებამ, ქართველი ხალხის ინტერესების საზიანო სტრატეგიული და ტაქტიკური ჩანაფიქრების მხილების გზით, მოქმედებაში მოიყვანა ნიუტონის მესამე კანონი - საპირისპირო მხარემ უკვე გაშიფრული და სრულად გაკოტრებული აგენტურული დაჯგუფებების - ე.წ. ოპოზიციისა და ე.წ. არასამთავრობოების - დახმარების მიზნით, თავდასხმით ოპერაციებში ჩართო „დროებით თავშესაფრებში“ უკეთესი დროისთვის გადანახული „ოქროს რეზერვი“. ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, „რონდელის ფონდის“ „მკვლევარები“ და „რევოლუციით გასათავისუფლებელ“ კაბინეტებში შევარდნის სხვა მსურველები.

 

იმის საილუსტრაციოდ, რომ როგორ ვბედავთ „უფროს ძმების“ მიმართ კითხვების დასმას და რაღაც-რაღაცების გამო ეჭვების გამოთქმას, რომ თურმე ჭკუით უნდა ვიყოთ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამერიკელმა „მეგობრებმა“ „დაუნახავ და უმადურ“ ქართველებზე უკეთ იციან, რა არის ჩვენთვის კარგი, ამერიკათმცოდნის სტატუსით მოქმედი პერსონის, ვასილ კაჭარავას „რჩევა-დარიგებები“ იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას: 

 

„ამერიკას „ეძველბიჭებიან“, დეგნანს „საქმეს ურჩევენ“ - ამერიკა ყველაზე მაგარი „ძველი ბიჭია“ მსოფლიოში და მაგასთან ასე ლაპარაკი არ გამოგივა“ - ხედავთ, რა ყოფილა?! ყოფილ დიპლომატ(?) ვასილს მოკრძალებით შევბედავდი, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის, ანუ უფრო მეტად რომ შეგვშინებოდა, ამ „ღრმააზროვან და ყოვლად შთამაგონებელ ნარატივს“ ბოლოში „სიმონ“, ან „ტო“ მოუხდებოდა.

 

ხუმრობა იქეთ იყოს, ჩემო მკითხველო და... დარწმუნებული ვარ, სიტყვების ამ კრიალოსანზე ყველას „მამაცი“ კურდღლის ის ანეკდოტი გაგახსენდებოდათ, „მე და ლომს ვინ მოგვერევაო“. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვასალი ვასილი ადრე, მისი ახალგაზრდობის წლებში, როგორც სანიმუშო კომკავშირელი, მაშინდელი „უფროსი ძმების“ „წვისა და გარჯის“ ვერდამფასებელ, ანუ იმ დროების სხვაგვარად მოაზროვნეებსაც, ასეთივე „გულწრფელი აღშფოთებით“ დაამუნათებდა.

 

ასეთივეა რონდელის ფონდელ „მკვლევართა“ პოლიტიკურად გააქტიურებული ნაწილის ნააზრევების სულისკვეთებაც. როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ერთი მესიჯბოქსია, ანუ აქაც იმ ზემოხსენებული ერთი ცენტრის მწვანე კუპიურებით შეიარაღებული ჯადოსნური ხელის ძალა იკვეთება. ვასალი ვასილის „სასახელოდ“ უნდა აღინიშნოს, რომ „გამბედაობით“ ყველა „რეზერვისტს“ გადააჭარბა და რაღაც მსუყე პრემიას უდავოდ დაიმსახურებს. („რონდელის ფონდელი“, „ვასალი ვასილი“ - რაღაც კალამბურებივით გამოვიდა...).

 

საზოგადოებისთვის ხმაურით თავის შემხსენებელი ჩვენი „პროამერიკელი კომკავშირელის“ კიდევ ერთი „შეგონება“ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას: „მე გეტყვით, წინა ხელისუფლების დროს რატომ დაიხარჯა უფრო მეტი - მიშას მთავრობამ და მიშამ, მიუხედავად თავისი ხარვეზებისა, იცოდა ამერიკელების ენა, როგორ ელაპარაკა, როგორ ეთანამშრომლა, ჩაჯდა მათ ინტერესებში, ლოიალურობაც დაუმტკიცა...“ და დასკვნის სახით დღევანდელი ხელისუფლების მისამართით ამატებს - „საკუთარ თავს დააბრალე, რატომ არ მუშაობ ამ ამერიკელებთან ისე კარგად, კაცო.“ (ნუ... „ძმაო“ უფრო „რელევანტური“ იქნებოდა, მაგრამ არა უშავს, მთავარია, ქუჩურს რომ ბოლომდე აწვება).

 

ბატონო ყოფილო დიპლომატო, ნამდვილი მეცნიერ-მკვლევარი რომ ბრძანდებოდეთ და ამ ქვეყნის სიყვარული ოდნავ რომ გეცხოთ, „ხარვეზების“ ნაცვლად აუცილებლად იტყოდით „დანაშაულებრივ რეჟიმს“. მაგრამ,.. ვინაიდან ის ავადსახსენებელი პერიოდი „ამერიკელების ენაზე მოლაპარაკე მიშამ“, ცეცხლითა და მახვილით, ამერიკელების ფრთებქვეშ შეყუჟულმა, როგორც თქვენი კომკავშირლობის დროს ვიტყოდით ხოლმე - ამერიკელების „დაბროთი“ გამოატარა ქართველ ხალხს, გიჭირთ იყოთ ობიექტური. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ახერხებთ (არც მეტი, არც ნაკლები), ღირსებითა და პატივით ატაროთ მეცნიერის სახელი. ეს ერთი სიტყვა - „ხარვეზები“, ქართველი ერის დამცირებითა და შეურაცხყოფით გაჯერებული ეს ერთი სიტყვა, სრულიად საკმარისი პირობა და საფუძველია იმის სათქმელად, რომ თქვენს „ნაშრომებს“ ჩალის ფასი აქვს.

 

ახლა, რაც შეეხება „კარგად მუშაობას“... ჩვენი სტაჟიანი „პროამერიკელის“ სანაქებო „მიშას“ „კარგი მუშაობა“, (კაგებეს სკოლაგამოვლილი კადრებით დახუნძლული „მიშას მთავრობისთვის“ არც რუსებთან „კარგი მუშაობა“ წარმოადგენდა პრობლემას), შედეგებით რომ შევაფასოთ, იმ მძიმე სურათის წინაშე აღმოვჩნდებით, რომლის უარყოფა ვასალ ვასილსაც გაუჭირდება. „ერთობლივი მიღწევების“ ნუსხა დაკარგული ტერიტორიებით იწყება და უსასრულოდ გრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ მუქ ტონალობაში. სისტემური დანაშაულებისა და ადამიანური ტრაგედიების მრავალგზის გამეორებული ჩამონათვალით მეტად აღარ დავამძიმებ მკითხველის განწყობას.

 

მოდით, თვითკმაყოფილი სახეებით მოქადაგე ყველა „თეორეტიკოსისთვის“ სხვანაირადაც განვმარტოთ, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე (ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია): ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების პირველივე დღეებიდან მოქმედებაში მოვიდა მრავალ ქვეყანაში აპრობირებული ცნობილი ამერიკული პროექტი - „დიდი ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა“. ნეოკოლონიური, აგენტოკრატიული მმართველობისთვის შერჩეულ (განწირულ) ქვეყანაში პროექტის მთავარ პერსონაჟებად, როგორც წესი, არჩევენ და შესაბამისად გაწვრთნიან ხოლმე მანიაკალური მიდრეკილებებით შეპყრობილ, უსამშობლო და პრინციპებისგან დაცლილ, ანუ ყველაფერზე ხელის მომწერ პირებს.

 

ასე რომ, ის „ტექნოლოგიები“, თუ „როგორ უნდა იმუშავო“ ამერიკელებთან, „როგორ უნდა ჩაჯდე მათ ინტერესებში“, „როგორ უნდა მოიპოვო მათი ლოიალურობა“, ბატონო ვასალო ვასილ, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ თქვენი მიშასგან და თქვენგან განსხვავებით - არ კადრულობენ(!).

 

ამას, ჩვენო „წარჩინებულო მეცნიერო“, ყველა ქვეყანაში და ყველა ენაზე კოლაბორაციონიზმი, უფრო შინაურულად კი პოლიტიკური პროსტიტუცია ჰქვია. ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ იმიტომ მივეცით ხმა, რომ პოლიტიკური პროსტიტუტკების სანავარდოდ ქცეული ქვეყანა გვეხსნა ამ მძიმე სენისგან და ახლა „გვირჩევთ“, რომ ისევ იმ ჭაობში ჩავეფლოთ?

 

გმადლობთ, ყელამდე ვართ თქვენი და თქვენისთანების „პატივისცემით“. უმჯობესი იქნება, უცხო ქვეყნის „ინტერესებში ჩაჯდომის“ თქვენი „ცოდნა და გამოცდილება“ ისევ თქვენ და თქვენმა ფავორიტებმა გამოიყენოთ, ჩვენ ამ კონკურენციაში შემოსვლას არ ვაპირებთ, რადგან ამერიკის აგენტობა ისეთივე დანაშაული და სამარცხვინო საქციელია, როგორც რუსეთის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის აგენტობა.

 

ბიძინა  დვალი

 

27.11.2022 წ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner