logo_geo
eng_logo
ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 27 აგვისტოს გაიხსნება
- +

26 აგვისტო. 2016. 18:24


 

27 და 28 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის" დარბაზში, ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" გაიხსნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები",  სოლისტები: ლიანა ისაკაძე - ვიოლინო, აიმან მუსახოჯაევა - ვიოლინო,  ალექსანდრ კნიაზევი - ჩელო, ვიქტორ ტრეტიაკოვი - ვიოლინო; დირიჟორები: ლიანა ისაკაძე, ცეზარ ალვარესი.  კონცერტებზე  ვივალდის, მოცარტის, ჰაიდნის, ჩაიკოვსკი-ცინცაძის და ბახის ნაწარმოებები შესრულდება.


საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" წელს მასშტაბური პროექტის  „Check in Georgia"-ს ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში ჩატარდება. 4 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი, რომელიც  თბილისის ოპერის თეატრში ჩატარდება, ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება.  ფესტივალში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ, ასევე მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები", რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა.


ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.


საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს, აფხაზეთში  დაარსდა და 8 წლის განმავლობაში, ბიჭვინთაში წარმატებით ტარდებოდა. 18 წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი 2009 წელს აღდგა.  წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც,  2014 წლიდან, პარალელურად თბილისშიც ტარდება, ხოლო 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა. 2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლი-ორკესტრი „ვირტუოზები". ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო 2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა" საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გამართეს.  ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები" დაკომპლექტებულია მუსიკოსებით საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ინგლისი, რუსეთი).


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner