ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი [სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების 200 ლარამდე გაზრდა, დასაქმების პროგრამა, კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების პერიოდში 2 000 ლარის გადაცემა] შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ სოციალური კუთხით მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყო.
ეკონომისტი ოთარ ანგურიძე პრემიერის განცხადებას, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს სოციალურად დაუცველებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს.
„მომავალი წლის ბიუჯეტი რომ კარგად, მოცულობითად იზრდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის იმის გამოვლინება, რომ მიმდინარე წელს იყო კარგი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფოს მისცა შესაძლებლობა, მომავალი წელი უფრო მეტად გაზრდილი პარამეტრებით დაეგეგმა, ცალკეული სოციალური მიმართულებების გათვალისწინებით.
ის, რომ სოციალური მიმართულებით დახმარების პაკეტები ბევრი კუთხით იზრდება, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელი პოლიტიკითაც „ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში. „ქართული ოცნების“ მოსვლის პერიოდიდან დაიწყო სოციალური მიმართულებების პაკეტების შექმნა და არსებული პაკეტის გაუმჯობესება.
მათ შორის, გასულ წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პაკეტში შეიტანა ცვლილება და სოციალურად დაუცველის დასაქმების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს პირველი 1 წელი არ მოეხსნებოდათ სოციალური დახმარება, რამაც შექმნა იმის საფუძველი, რომ სოციალურად დაუცველებს გაუჩინა მოტივაცია დასაქმებულიყვნენ, რაც მაგალითად - მანამდე არსებული პოლიტიკით სოციალურად დაუცველები ცდილობდნენ არ ეპოვათ სამსახური იმიტომ, რომ სამსახურის მოძებნის შემთხვევაში მათ შეუწყდებოდათ სოციალური დახმარება.
აღნიშნული ინიციატივა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, როდესაც მთავრობა არა მთლიანად სოციალურად დაუცველებს, არამედ კონკრეტულად ბავშვებს უზრდის სოციალურ დახმარებას. ეს არის სწორედ უფრო მეტი ხელშეწყობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ, რომლებსაც სჭირდება გარკვეული სახის თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან. ბავშვები არიან ყველაზე დაუცველები და ძალიან მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრების, ასევე, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით უფლება და ეს უფლება უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან დაცული“, - აცხადებს ოთარ ანგურიძე.
ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ის რომ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით დაახლოებით 30 000-მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა, ეს მეტყველებს იმაზე რომ ამ მიმართულებით უმჯობესდება გარკვეული სახის ქმედებები.
„პრემიერის მიერ გაცხადებული ციფრები, რომელიც მეტყველებდა რომ 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდა, ეს ნიშნავს, რომ პირველი 1 წელი არა, მაგრამ შემდეგ წლებში სახელმწიფოს გამოაკლდება ეს სოციალურად დაუცველი ადამიანები. ეს სოციალურად დაუცველი ადამიანები ამოვლენ ამ სიიდან დასაქმების შემდგომ. დასაქმების პოლიტიკა, რომელიც ამ მიმართულებით იყო განხორციელებული, არის ძალიან კარგი და შედეგზე ორიენტირებული. რაღაც პერიოდში ისინი აღარ იქნებიან სოციალურად დაუცველები, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით უმჯობესდება გარკვეული სახის ქმედებები“, - აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში.
ოთარ ანგურიძემ ჩვენთან საუბრისას კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარების ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ დაწყებული ძვრები კარგია, რადგან 1000 ლარი საკმარისი არ იყო.
„რაც შეეხება დეკრეტული შვებულების გაზრდას, ძალიან კარგია, რომ დახმარება იზრდება, 1000 ლარი ნამდვილად არ იყო საკმარისი და ამ პრობლემას ბევრი აფიქსირებდა. კერძო სექტორი არ ანაზღაურებდა დეკრეტულ შვებულებას და ამ ნაწილში სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფომ რთულია დაავალდებულოს კერძო სექტორი ანაზღაურებადი გახადოს დეკრეტული შვებულება. მეორე მხრივ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას და სახელმწიფო აძლევს ჩვენს მოქალაქეებს ამ დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას.
ეს ძვრები კარგია, მაგრამ ვფიქრობ, ამ მიმართულებით არ უნდა გაჩერდეს, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. ერთი პრობლემაა - დეკრეტული შვებულების ვადებთან დაკავშირებით. სახელმწიფოს როლი ამ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ძვრა და მოქმედება დაიწყო მოქმედმა სახელმწიფომ. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით ისევ გაგრძელდება რეფორმები.
ის რომ მაღალი გვქონდა საბიუჯეტო შემოსავლები, ეს არის ძალიან დიდი სიგნალი მსოფლიოსათვის, საქართველოს აქვს უნარი ამ რთულ ვითარებაში [პოსტკოვიდი და დაძაბულობა რეგიონში] შეინარჩუნოს სტაბილურობა. ეს ერთგვარი სიგნალია, რომ საქართველო არის წარმატებული და შეუძლია გაუმკლავდეს პრობლემებს. როდესაც მოხდება საბოლოო დოკუმენტის წარდგენა, სხვა მიმართულებებზეც იქნება ნამდვილად შთამბეჭდავი ზრდა“, - დასძენს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე.