პარლამენტმა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, კანონპროექტით იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდება.
„საკითხი ეხება საფინანსო სექტორში ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შემოღებას, რომლის თანახმადაც კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოუშვან სპეციალური ობლიგაციები, რომლებიც მათივე იპოთეკური პორტფელებით იქნება უზრუნველყოფილი. ეს ერთი მხრივ, საშუალებას მისცემთ ბანკებს, დამატებითი ლიკვიდურობა მოიზიდონ და მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ინსტრუმენტი იქნება ინვესტირებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა