„ვასრულებთ ჩვენს მიერ მოცემულ კიდევ ერთ პირობას და ქ. ოზურგეთში ვიწყებთ ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალის - კოსტავას ქუჩის სრულ, კაპიტალურ რეაბილიტაციას. პროექტი მოიცავს არამარტო გზის საფარის კეთილმოწყობას, არამედ საფეხმავლო ბილიკების და ველობილიკის მოწყობას 3.6 კმ-ზე. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მისი განახლებისთვის 7 700 000 მლნ. ლარი დაიხარჯება.
ასევე ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს - ქალაქ ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩაზე ახალი, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები - ბავშვები და მათი მშობლები, ახალგაზრდები და უფროსი ასაკის მქონე ადამიანები თავისუფალ დროს სასიამოვნო გარემოში გაატარებენ.
პროექტი მოიცავს გამწვანებას, განათებას, კალათბურთის და რამდენიმე სპორტული სახეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ბავშვებისთვის საქანელების და გასართობი ინვენტარის დამონტაჟებას და მთლიანი სივრცის კეთილმოწყობას. პროექტისთვის ჯამში დაახლოებით 900 000 ლარს დავხარჯავთ,"- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ქალაქში მიმდინარე პროექტების პარალელურად, აქტიურ ფაზაშია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კრიტიკულად დაზიანებულ მონაკვეთებზე ბეტონის გზების მოწყობა. ბეტონის საფარი სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე ცხრა სოფელში გაკეთდა. გრძელდება სტიქიისაგან დაზიანებული გზების მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.