logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე განათლების რეფორმაზე: ძალიან მასშტაბური პროექტია სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენა, რადგან თანამედროვე სკოლა მხოლოდ შენობა არ არის, ეს არის სასწავლო ცენტრები
- +

30 ნოემბერი. 2022. 12:55

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მომავალი წლის ბიუჯეტი ისეთ საკითხებს ეთმობა, როგორიცაა სოციალურად დაუცველთა დახმარება, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფა, დასაქმების პროგრამა და განათლების რეფორმა. ბიუჯეტი დღეს, 30 ნოემბერს, პარლამენტს წარედგინება.

 

მომდევნო წლის გაზრდილი ბიუჯეტის, კერძოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის, განათლების მიმართულების შესაფასებლად Pia.ge ექსპერტ გიორგი ცუცქირიძეს დაუკავშირდა. განათლების რეფორმა მოიცავს სკოლებისა და ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას.

 

ექსპერტის თქმით, პროექტი მასშტაბური და ძალიან საჭიროა, რადგან სკოლები და ბაღები არა მხოლოდ შენობას, არამედ სასწავლო ცენტრებს წარმოადგენენ.

 

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა ან ძველის აღდგენა და რეკონსტრუქცია არის განათლების მხარდაჭერის სისტემის ნაწილი. განათლების სისტემის რეფორმა არ არის მხოლოდ მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა, რომელიც ასევე შედის ამ ბიუჯეტში. ზოგადად, ამოცანაა, განათლების დაფინანსება გაიზარდოს საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე, ეს არის დაახლოებით 7-8%, ჩვენ დღეს დაახლოებით 4% გვაქვს. განათლებაზე დგას თანამედროვე ეკონომიკა და ნებისმიერი ქვეყნის განვითარება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ლაპარაკია სკოლებზე, იმიტომ, რომ ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ გადაამზადებს განათლებულ კადრებს, თუ სკოლიდან არ შევიდა შესაბამისი ცოდნით ადამიანი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სკოლების მშენებლობა და ძველი სკოლების რეკონსტრუქცია. ეს ასევე მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხითაც, რადგან, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში, ბუნებრივია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

 

ძალიან მასშტაბური პროექტია სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენა და მოდერნიზაცია, რადგან თანამედროვე სკოლა არის სხვა, ვიდრე ძველი სკოლები, რადგან ეს მხოლოდ შენობა არ არის, ეს არის სასწავლო ცენტრები. ხაზი მინდა გავუსვა, სახელმწიფომ გაზრდილი ბიუჯეტით სოციალური პლატფორმა შექმნა. სწორედ ამ სოციალურ პლატფორმაში შედის დასაქმება, ხელფასების ზრდა და ყველაზე მნიშვნელოვანი - განათლების რეფორმა და მხარდაჭერა.

 

რაც შეეხება ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ბაღები - ეს არის მომავალი თაობა. სოციალური პლატფორმა ამიტომ ვახსენე, ამან უნდა უზრუნველყოს განათლებული და ჯანმრთელი ახალგაზრდობა“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

 

28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება 500 სკოლისა და 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

 

„კიდევ მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. განათლების მიმართულებით ჩვენ, გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე. მინდა, რომ გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით, დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან. ამ პროგრამის დაფინანსებაში მიიმართება 100 მილიონი ლარი. სულ, ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიარდი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner