ავტორი ნინო ჯიბუტი
„პაემანი პოეზიასთან" - ამ სახელწოდებით პოეტმა მაია კახიძემ ქალთა საერთაშორისო დღეს პოეზიის საღამო მიუძღვნა. კულტურული ღონისძიება, რომელსაც კახიძის მეგობრები, მსახიობები, პოეტები, რეჟისორები, მომღერლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის დარბაზში შედგა.
სალონურ სტილში გამართულ შეხვედრაზე პოეტმა მიწვეულ სტუმრებთან ერთად კრებულიდან სახელწოდებით - „ფიქრიმაიები", ლექსები წაიკითხა. საღამოზე მიპატიჟებულმა პოეტებმა ასევე წარმოადგინეს ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან. პოეზიის საღამოს მუსიკალურ ფონად პიანინოსა და გიტარის ჰანგები გასდევდა.
ესტრადის მსახიობმა, ჟურნალისტმა, პოეტმა მაია კახიძემ შეხვედრაზე მეგობრებთან ერთად არაერთი საინტერესო და მხიარული ისტორია გაიხსენა.
„ზამთარი უკან მოვიტოვეთ... ვინ როგორ აღიქვამს 8 მარტს არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი თაობისთვისაც და ახალგაზრდა ქალბატონებისთვისაც, ეს დღე ყველასთვის ლამაზი და განსაკუთრებულია. ქალს ყოველდღე სჭირდება პატივსცემა და გულის გახარება, მაგრამ ეს ერთი დღეც იყოს გამოკვეთილი, ვის რას უშლის... ქალს რომ ზედმეტი ყვავილი მიართვან, ზედმეტად გაუღიმონ, ზედმეტად ჩაეხუტონ... ქართველ ქალს ეს სითბო, მოფერება, ჩახუტება აკლია. უამრავი ქალი ვიცი, ყვავილი არ ღირსებია მრავალი წელი.
„ვიცი, ჩემს ბევრ მეგობარს მოსწონს ჩემი ლექსები და ამით ძალიან ვამაყობ. მართლა გულით ვწერ, თითოეულ ბწკარს, თითოეულ რითმას თან ვყვები, მიყვარს ჯვარედინი რითმები.
დღეს მოვიწვიე მეგობრები, იმიტომ რომ ნაზამთრალი ქალები ვართ და ცოტა გავიხალვათეთ, გავხალისდით, ამ ყველაფერს კი პოეზია უხდება. არ მინდა ლექსების სიყვარული დაიკარგოს, პოეზიას თავის ხიბლი აქვს, ისევე როგორც კარგ რომანს, კლასიკას... ვფიქრობ, რომ დღევანდელმა საღამომაც ძალიან კარგად ჩაიარა, გვაკლია ასეთი ურთიერთობები, თან ლექსებით ურთიერთობა - სალონურ სტილში. მე დიდხანს ვიყავი ჩუმად.ბევრი ჩემი მეგობარი ასეთად არ მიცნობდა... დაიმახსოვრეთ, ადამიანს ცვლის ოჯახური გარემოც, 14 წლის შვილიშვილი მყავს, მინდა მას გავეპრანჭო, მისთვის საამაყო და დასაფასებელი ვიყო, და როდესაც მე აღარ ვიქნები, ჩემს მერე დარჩეს სიამაყის გრძნობა, რომ მას ჰყავდა ძალიან კარგი ბებია, ასევე ჩემს შვილს, ძმისშვილებს, დისშვილს, ყველა ჩემს საყვარელ ადამიანებს...
მერიდება ხოლმე ვთქვა, მაგრამ ყველა ასეთ შეხვედრას ჩემთვის გულში შიგნით მამას ვუძღვნი, ვფიქრობ, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო ძალიან იამაყებდა ", -აღნიშნავს მაია კახიძე „რეპორტიორთან" საუბრისას.
პოეტი მადლობას უხდის მიწვეულ სტუმრებსა და მეგობრებს ვინც პოეზიის საღამოს სითბო შესძინა.
„ლექსების მეორე კრებულს სავარაუდოდ ჯერ ვერ გამოვცემ, იქამდე სხვა სიურპრიზი მაქვს, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ წელს წიგნის გამოცემას ვაპირებ, თემაზე, რომელზეც საქართველოში ქალს არ დაუწერია. ამაზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობ და 60% მზად მაქვს. ფაქტობრივად, სენსაციური წიგნი იქნება. წიგნი ფეხბურთს მიეძღვნება, სახელწოდებით - „მაია და ფეხბურთი", სადაც ჩვენს ქართველ ლეგენდებზე ვწერ, ყველას ვიცნობ, ზოგიერთი სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. მინდა, რომ ღირებული წიგნი იყოს, რადგან ასეთი კუთხით ჩვენს ქართველ ლეგენდარულ ფეხბურთელებს არავინ იცნობს. მასალები წლების განმავლობაში ვაგროვე.
გარდა ამისა, სხვა უამრავი მოგონება მაქვს, მაგალითად, სერგო ზაქარიაძეზე, რობერტ ბარძიმაშვილზე, ცნობილებზე და არაცნობილებზე, თბილისზე, სიყვარულზე, უფალზე, ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ვაგროვებ, ნოველების კრებულის სახით გამოიცემა და„მაიკონოველები ერქმევა".
ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ვისაც მაია უყვარს , მისი შემოქმედება მოსწონს, ყველას მადლობელი ვარ.
მე არ შემიძლია, არ ვწერო, წერის გარეშე უბრალოდ მოვკვდები... ადამიანისთვის, როგორც ჰაერი, ასევეა ჩემთვის წერაც და დავწერ, სანამ შემეძლება" , - ამბობს პოეტი.
დარბაზში მყოფმა მამაკაცებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. პოეტის თქმით კი, გაზაფხულს ქალების სიხალისე და პოეზია ამშვენებს. საღამოც სწორედ გაზაფხულის დამახასიათებელი სითბოთი და პოეზიის „თრობით" დასრულდა.