logo_geo
eng_logo
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „დირსის“ დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იძულებისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

30 ნოემბერი. 2022. 15:38

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „დირსის“ დასახლებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იძულებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 27 აპრილს, თბილისში, ე.წ. ,,დირსის“ დასახლებაში ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა, ორი დანის გამოყენებით, ოთხ პირს, მათ შორის არასრულწლოვანს, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მომხდარის შემდეგ, დანაშაულის ჩამდენი პირი „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით მიიმალა, რა დროსაც მან ტაქსის მძღოლს მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა აღნიშნულის შესახებ არ ეთქვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner