logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული სახსრების გამოყოფა ტურიზმის კიდევ უფრო დაჩქარებული განვითარებისთვის მისაღები და მოსაწონია
- +

1 დეკემბერი. 2022. 15:21

 

 

მაღალი ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ბიუჯეტი და ტურიზმის მიმართულებით ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე გამოყოფილი 200 მლნ ლარი  - ეს ის საკითხებია, რომლებსაც მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს და რომლის შესახებაც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ეკონომისტი სოსო არჩვაძე საუბრობს.

 

სოსო არჩვაძის განცხადებით, ბიუჯეტით და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული ის, რომ ტურიზმის მიმართულებით ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე სახელმწიფოს მხრიდან 200 მლნ ლარის გამოყოფა მოხდა.

 

ეკონომისტი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, დაეხმაროს ტურიზმის სექტორს, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება მისაღები და მოსაწონია.

 

არჩვაძის თქმით, ხელისუფლების მიზანი და ამოცანა, ტურისტული ინდუსტრიის კიდევ უფრო დაჩქარებული განვითარებისთვის კიდევ მეტი სახსრების გამოყოფაა.

 

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ტურისტული ინდუსტრია აერთიანებს 12-13 დარგს. ეს არის - სარესტორნო მეურნეობა, სასტუმრო მეურნეობა, ტრანსპორტი, კვების მრეწველობა და რიგი სხვა დარგები. იმის მიხედვით, თუ როგორია ტურისტული ნაკადი, ეს დიდ გავლენას ახდენს არამარტო უშუალოდ ტურისტულ სექტორზე, არამედ მის მომიჯნავე დარგებზე.

 

2020 წელს კოვიდპანდემია იყო, რომელმაც ყველაზე მეტად აღნიშნული დარგი [ტურიზმი] დააზარალა, შემცირდა ტურისტული ნაკადები და დაპაუზდა ეკონომიკური ცხოვრება. ეს ყველაფერი ახლა დაძლეულია და ჩვენ თანდათანობით ვუბრუნდებით ძველ პოზიციებს. საქართველო ოდითგანვე იყო ტურისტული ქვეყანა და მისი წილი ეკონომიკაში 15%-ია, ამიტომ ეკონომიკის განვითარება საქართველოში დიდ წილად ამ დარგის განვითარებაზეა დამოკიდებული.

 

კოვიდპანდემიით გამოწვეული დაპაუზების გამო ტურიზმის სექტორს, მხოლოდ საკუთარი რესურსებით არ შეუძლია სწრაფად მოახდინოს იმ სიმაღლეების დაბრუნება, რომელიც მას ჰქონდა კოვიდპანდემიამდე, ამიტომ ბუნებრივი და ორგანულია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ინდუსტრიისათვის მხარდაჭერა.

 

სახელმწიფომ იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტში დაგეგმილზე გაცილებით მეტი სახსრების მობილიზაცია მოხერხდა და მოხერხდება კიდევ მომავალში, გარკვეული სახსრები გამოიყო ტურისტული ინდუსტრიის კიდევ უფრო დაჩქარებული განვითარებისთვის.

 

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა მზარდია, მზარდია მათ მიერ საქართველოში გატარებული დროისა და დახარჯული თანხის ოდენობა. ეს სტრატეგია ემსახურება უცხოელი ტურისტების საქართველოში მეტხანს ყოფნას. ეს  პროგრამა ემსახურება საქართველოთი დაინტერესებული ადამიანების რიცხვის გაზრდას მსოფლიოში და, ასევე, ქვეყნის ცნობადობის გაზრდას.

 

წმინდა ეკონომიკური ასპექტით ეს გულისხმობს, რომ გაიზარდოს მათ მიერ საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული დახარჯული თანხები, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ქვეყანაში და ქვეყნის ბიუჯეტმაც მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღოს, ამიტომ წმინდა პრაგმატული გათვლაა და ხელისუფლების პოზიცია ამ მიმართულებით აბსოლუტურად გასაგები, მისაღები და მოსაწონია“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.  

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner