ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ დადებითი ტენდენციებით მიმდინარეობს.
მისი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ტურისტული სექტორის განვითარების მიზნით ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში 200 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც სრულად მოხმარდება ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების და უკვე არსებულის სრული რეაბილიტაციის მიზნით 200 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ბოლო სხდომაზე ისაუბრა. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ტურიზმის დარგისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა ქვეყნის ეკონომიკაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოხდა, შედეგად კი ქვეყანა მიიღებს ახალ ტურისტულ მიმართულებებს სხვადასხვა რეგიონში, ახალ ტურისტულ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას და ახალ ტურისტულ პროდუქტებს.
„პირველ რიგში კი ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერებს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.