logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

1 დეკემბერი. 2022. 17:24

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მედიაში მოქალაქეთა დაჯარიმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

 

„გვსურს ვუპასუხოთ მედიასაშუალება “გურიის მოამბის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს საკუთარ ეზოებში სათავსოების შეკეთებისთვის აჯარიმებს.

 

გურიის მოამბის” მიერ გავრცელებული ეს ცნობა გახლავთ სიცრუე და მისი გავრცელება მოხდა გადაუმოწმებლად, მერიის შესაბამისი სამსახურების დისკრედიტაციის მიზნით.

 

სინამდვილეში, მუნიციპალურ ინსპექციას არავინ დაუჯარიმებია ეზოში არსებული ძველი სათავსოების ან სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების შეკეთების გამო. ის მაგალითი, რომელსაც “გურიის მოამბე” საკუთარ სტატიაში მანიპულაციურად, მოტყუებით “საძროხის და საქათმის შეკეთებად” მოიხსენიებს, რეალურად არის ახალი, რკინა-ბეტონით და სამშენებლო ბლოკით აგებული კაპიტალური ნაგებობა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ნებართვა.

 

გურიის მოამბის” მიერ მოყვანილი მაგალითებიც, თითქოს მუნიციპალურმა ინსპექციამ რეაგირების გარეშე დატოვა სხვა მშენებარე ობიექტებზე კანონდარღვევის შემთხვევები - სიცრუეა. კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე გამოვლენილია 75 სამართალდარღვევა, რისთვისაც დაჯარიმდნენ პასუხისმგებელი სუბიექტები. მათ შორის, წინამორბედი ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვებული 27 ერთეული უნებართვო მშენებლობა. სტატიაში მოყვანილი ობიექტიც, რომელიც ანასეულის ასახვევში მდებარეობს, მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებულია ორჯერ. ჯამში, მუნიციპალური ინსპექციის მიერ, უკანონო მშენებლობებზე რეაგირების შედეგად, დაჯარიმებულ სუბიექტებს ამ მომენტისთვის 312 000 ლარი აქვთ ბიუჯეტში გადახდილი.

 

მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტის მერია გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით, მაქსიმალურად მხარს უჭერს მოქალაქეებს, კერძო სექტორსა და ინვესტორებს, ააშენონ ახალი ობიექტები ან სამუშაოები ჩაატარონ არსებულ შენობებზე - მერიის მიერ 2022 წელს, მშენებლობის და რეკონსტრუქციის ნებართვები 74 ობიექტზეა გაცემული.

 

გურიის მოამბე” აღნიშნულ სტატიაში ასევე მანიპულაციური კონტექსტით, მისი დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის გენო კიშინსკის და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების შესახებ ინფორმაციას. ქონება, რომელიც სტატიაშია მითითებული, კიშინსკის და მისი ოჯახის საკუთრებაში იყო სამსახურის შექმნამდე და მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე.  

 

მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც 2022 წლის 26 აპრილს რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, ემსახურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი და ინფრასტრუქტურული განვითარების საზოგადოებრივ ინტერესებს იმგვარად, რომ არ მოხდეს ქაოტური მშენებლობების დაშვება და უსაფრთხოების წესებისა და მშენებლობის მინიმალური სტანდარტების დარღვევა,"- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner