ავტორი სოფო ხუგოიანი
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს.
ამ თემაზე „რეპორტიორს" „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ესაუბრა. მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებზე პირველი ადგილი აიღოს.
„არა მგონია, „ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შანსი ჰქონდეს. გამარჯვების ორი გზა არის. ან პირველ ადგილი უნდა აიღონ, რაც არის ფორმალური გამარჯვება, მაგრამ რეალურად გამარჯვება გულისხმობს ცალკე ან კოალიციის პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბო 51%-იანი უმრავლესობა პარლამენტში. უმრავლესობის ჩამოყალიბება „ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობით ალბათ გამორიცხულია, რაც შეეხება იმას, რომ ნაცებმა პირველი ადგილი აიღონ, რთულად წარმოსადგენია. იმის წარმოდგენა, რომ ნაცებმა პროპორციული სიით პირველი ადგილი აიღონ, მხოლოდ თეორიულად შეიძლება. რა თქმა უნდა, მაჟორიტარების და შემდგომ სატელიტი პარტიების ხარჯზე ალბათ მაინც მმართველი პარტია შეძლებს უმრავლესობის ჩამოყალიბებას იმ ძალთა თანაფარდობით, რაც დღეს არის. არჩევნებამდე თუ შეიცვალა რამე, ეს სხვა საკითხია.
ნაციონალების ეს განცხადება, ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, მხოლოდ ნაციონალები არ აკეთებენ მსგავს განცხადებებს", - ამბობს კახა კუკავა.