საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორის მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტური ნივთმტკიცება.
პარალელურად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში გამავალ სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, მათი შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.