არსებული დასკვნით შალვა ხაჭაპურიძემ რა უნდა გააკეთოს, მე არ ვიცი. უბრალოდ, ამ დასკვნით შალვა მენანება. სასამართლოში ვერ გამოიყენებს, არ შეიძლება. დასკვნაში არის ისეთი პასაჟები, თუნდაც მოწამვლაზე, თუ დოკუმენტი არ დევს მოწამვლის და შედეგებში ამაზეა ნამსჯელი, მაშინ ეს ყალბი დასკვნაა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან ცენტრ „ემპათიის“ მიერ გავრცელებული დასკვნის სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ამერიკიდან გამოგზავნილ დასკვნაში უნდა იყოს თანდართული დოკუმენტი ლაბორატორიული კვლევის შედეგებით.
„ერთი დოკუმენტიც რომ გაკლდეს, უკვე ყალბია დასკვნა. თუ შენ არ გქონდა დასკვნა და შედეგებში იმაზე იმსჯელე. ჩვენს წესებში ეს პირდაპირ წერია“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
„ქრონიკამ“ გაარკვია, რომ ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგის შეფასება არ დევს. არადა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს და აუცილებელია პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა. ასევე, ნათქვამია, რომ ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არ არის, რადგან ჯერ არ ჩამოსულა.