logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: გაუმარჯოს როინ მეტრეველს!
- +

7 დეკემბერი. 2022. 10:17

 

 

...1965 წლის შემოდგომაზე დედაუნივერსიტეტის 105-ე აუდიტორიაში ერთმა ასპირანტმა დისერტაცია დაიცვა. ამ დაცვას როგორც სტუდენტი-ჟურნალისტი ვესწრებოდი და ინტერვიუ ჩამოვართვი ისტორიის ფაკულტეტის მაშინდელ ლეგენდარულ დეკანს, პროფესორ შოთა მესხიას, რომელმაც  იწინასწარმეტყველა: ეს ამ ახალგაზრდის პირველი წარმატება  და არა უკანასკნელიო...

 

მალე ამ დაცვას მოჰყვა ამ დისერტანტის და მისი მეგობრის - შოთა ბადრიძის წიგნი, რომელიც პირველად (!!!) აცნობდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრიობას ცხოვრებას და პიროვნებას დიდი ექვთიმე თაყაიშვილისა, რომელიც ქართულმა ეკლესიამ შემდგომ წმინდანად აღიარა.

 

მას შემდეგ 55 წელი გავიდა. მაშინდელ დისერტანტს, ახლა უკვე  აკადემიკოს როინ მეტრეველს დღეს 83 წელი შეუსრულდა.

 

ბოლო წლები მან უმშვენიერესი წიგნების გამოცემით აღნიშნა. მათ შორის, ნაშრომები, რომლებიც რუსთაველის ეპოქას ეძღვნება და რომელთა გაცნობა არამარტო სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალთაობისთვის, არამედ დიდად საამაყოც.

 

ახლა ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, ზომიერების გადაჭარბება არ გვეკადრება. ამიტომ ნურავინ ჩამითვლის გადაჭარბებად იმას, რასაც გაბედულად ვიტყვი:  ბ-ნი როინ მეტრეველი სრულიად უნიკალური მოვლენა ქართულ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ კულტურის სივრცეში. 

 

უაღრესად გამორჩეული, ნაყოფიერი და ხელხვავიანი მეცნიერი, დიდი ივანე ჯავახიშვილის და მისი ერთობ პატივსაცემი კოლეგების, მათი მოწაფეების საქმის არა მარტო გამგრძელებელი, არამედ ავტორიტეტული ლიდერი; ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელი, გზის გამკვალავი და მხარდამჭერი.

 

დიდ ირაკლი აბაშიძესთან ერთად პირველი ქართული ენციკლოპედიის მთავარი მესაძირკვლე, მეცნიერ-შემოქმედთა ამ განუმეორებელი ჯგუფის თავკაცი.

 

დედაუნივერსიტეტის ისტორიაში ერთერთი გამორჩეული რექტორი. უმძიმეს პერიოდში, როცა საქართველოში შუქი, წყალი, გათბობა სანატრელი იყო, როცა  "დროული ხელფასის" უბრალო ცნებაც კი მწარენარევ ღიმილს იწვევდა, უნივერსიტეტში სწავლა ერთი (!!!) დღითაც არ შეწყვეტილა. ცალკე თემაა, რის ხარჯზე კეთდებოდა ეს. რომ არა თავდადება პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა კოლექტივისა, რომელსაც ზვიად გამსახურდიას თაოსნობით სათავეში ჩაუდგა და შემდგომი 13 წლის მანძილზე თავკაცობდა პროფესორი როინ მეტრეველი, დედა-უნივერსიტეტი თავზე "დაენგრეოდა" ქვეყანას. და რაც არ უნდა იქირქილოს  ავმა,  ბოროტმა და "დაუნახავმა" ენამ, გამიზნულად რა ცილიც არ უნდა დასწამოს მავანმა, ამ დამსახურებას ვერავინ წაართმევს საუნივერსიტეტო ცხოვრების ამ ავტორიტეტულ და ნიჭიერ ორგანიზატორს.

 

…1972 წლის ოქტომბრის დასაწყისში, საზოგადოებრივ არენაზე მოქმედი, 33 წლის უაღრესად პერსპექტული სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც საზოგადოებრი-პოლიტიკურ არენაზე გამოსული ახალგაზრდა თაობის ლიდერად ითვლებოდა და რესპუბლიკის სავარაუდო ხელმძღვანელად მოიაზრებოდა, ინტრიგების მეშვეობით და გამოკვეთილად სუბიექტური გადაწყვეტილებით ჩამოაშორეს პოლიტიკურ სცენას. იმ პერიოდში ზოგიერთმა არაკაცმა უკადრებელიც კი იკადრა, შემდგომაც არაერთგზის დაუმსახურებლად ატკინეს გული, მაგრამ არ მახსოვს ახალგაზრდა როინ მეტრეველს დაეკარგოს წონასწორობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიეყენებინოს თავის ბიოგრაფიისთვის. უფრო მეტიც, მავანისთვის პასუხი გაცემის არაერთ მსურველი თავად მეტრეველმა დაამუხრუჭა, რათა საბაბი არ მიეცა ქვეყნის სათავეში მოსული ჯგუფის ზოგიერთი "ენთუზიასტისთვის" ანგარიში გაესწორებინა განსაკუთრებით გამორჩეული "როინისტისთვის". 

 

ამ „მომენტს" იმიტომ ვიხსენებ, რომ დავაოკო ზოგიერთი ჭკუასუსტი თუ ცხელთავა ტიპაჟი, რომელსაც ზოგჯერ, დღესაც კი,  წინ უსწრებს ენა, თუმც არ ყოფნის ასაკი, ცოდნა-განათლება, გამოცდილება და, "ჟარგონით" რომ ვთქვათ, კაცობა "ჭრას და კეროს" ის ეპოქა, ის დრო, ის საქმეები და იმდროინდელი პერსონების ნაღვაწი.

 

სამართალმა გვიან, მაგრამ, როგორც იტყვიან, მაინც ჭამა პური. და ეს, უწინარესად, გამოიხატა იმ მეცნიერულ პროდუქციაში, რომელიც ასზე ბევრად მეტ მცირე თუ სქელტანიან წიგნს, უამრავ პუბლიკაციას ითვლის და  რომელთა გარეშეც მომავალში წარმოუდგენელია ქართული ისტორიოგრაფია.

 

რამდენიმე წლის წინ, როცა საპატრიარქოს უნივერსიტეტში შეკრებილმა ნაღებმა საზოგადოებამ მეტისმეტად თავმდაბლურად, მაგრამ ღირსეულად აღნიშნა 75 წლის აკადემიკოსის დამსახურება, სასიამოვნოდ გაგაოცებდათ მისი მოწაფეების გულწრფელი გამოსვლები და შეფასებები. სწორედ მის წიგნებს, პუბლიკაციებს და მისი აღზრდილების საქმიანობას ვთვლი პირადად მე, იმ "სამართლის ქმნად", რაც არა და არ მოხდებოდა, რომ არა 1972 წლის ოქტომბრის დასაწყისში დამთავრებული პოლიტიკური კარიერა და "ახალი ცხოვრების" დაწყება.

 

როინ მეტრეველის ობიექტური ბიოგრაფია, საქმიანობა იმის ნათელი დადასტურებაა, თუ რა შეუძლია ნიჭს, შრომისმოყვარეობას, სულიერებას, უკეთილშობილეს ადამიანურ თვისებებს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ადრე-სიყმაწვილეში დაკარგა საამაყო მამა და არცთუ დალხენილ პირობებში იზრდებოდა დედისერთა ბიჭი. დიახაც, რომ საოცარმა დედა-შვილობამ და საკუთარმა ღირსებამ საზოგადოებას მისცა ნამდვილი მოქალაქე, ოჯახს-სამაგალითო მეუღლე და მამა, საქართველოს ისტორიას -ერთობ კომპეტენტური მკვლევარი, ეროვნულ აკადემიას საამაყო წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, საახლობლოს - უღალატო და ერთგული მეგობარი.

 

ამ „მონოლოგის"  გაცნობის შემდეგ, ჩემი მრავალრიცხოვანი სამეგობრო-სანაცნობო წრისთვის ნათელი უნდა იყოს რატომ მიყვარს და ვამაყობ ჩემი მეგობრით.

 

გაუმარჯოს როინ მეტრეველს!

 

იმ 83 წელს გაუმარჯოს, რომლითაც 2022 წლის 7 დეკემბერს აღინიშნება მისი განვლილი ერთობ შინაარსიანი ცხოვრების ეს მონაკვეთი.

 

დღეგრძელობა არ მოაკლდეს მას და ბევრჯერ გაეხარებინოს ქართული საზოგადოება უმშვენიერესი წიგნებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner