დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ თბილისის საკრებულოში შემაჯამებელ გამოსვლაში ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა.
თბილისის მერმა ისაუბრა ახალაშენებულ ბაგა-ბაღებზე, სამება-მახათასა და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზების მშენებლობის პროექტებზე და განაცხადა, რომ იგი საკრებულოში შემოდგომაზე ორწლიანი ანგარიშით წარდგება.
„ძალიან კარგად ხედავთ, რა კეთდება, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდია და ხელისუფლების დისკრედიტაციის ხარჯზე გსურთ მოიპოვოთ ქულები. საიდან იანგარიშეთ, რომ მმართველობის 11 თვე დამრჩა? უფრო მეტი მაქვს დარჩენილი და ვფიქრობ, ბოლომდე განვახორციელო ის დაპირებები, რასაც მოსახლეობას დავპირდით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.