"სამოქალაქო ავიაცია ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც, ვფიქრობ, ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალებით და ძალისხმევით წარმატებით ვუძღვებით. პოსტპანდემიურმა პერიოდმა კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს ავიაციას ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სწრაფი აღდგენის პროცესში," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, დარგი, რომელიც გლობალური და ადგილობრივი შეზღუდვების პირობებში სრულად იყო გაჩერებული, დღეს 80-85%-იან აღდგენის ნიშნულზე იმყოფება და უპრეცენდენტოდ სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაღალ მაჩვენებლებს.
„მუდმივად მზარდი და პროგრესზე ორიენტირებული საავიაციო სექტორის მნიშვნელობა, მასში დასაქმებულთა პროფესიონალიზმი და მაღალი კვალიფიკაცია ჩემთვის სანიმუშოა და ყოველთვის იქნება საყოველთაო აღნიშვნის ღირსი.
საავიაციო სექტორში დასაქმებულ პროფესიონალთა ცოდნის, შემართების, დაუღალავი შრომის და კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ქვეყნის სტუმრები საიმედოდ და კომფორტულად გადაადგილდებიან მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოდ აღიარებული საჰაერო ტრანსპორტით, საავიაციო ბაზარს ყოველწლიურად ემატება ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები, მუდმივად უმჯობესდება მგზავრთა უფლებების დაცვის, საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტები, ახლდება საავიაციო ინფრასტრუქტურა, წარმატებით ვითარდება საავიაციო სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, საქართველო კი ღირსეულად პოზიციონირებს წამყვან საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებში.
წლების განმავლობაში ეს ყველაფერი იმის გარანტი გახდა, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის სფეროში მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რაც თავის მხრივ სერიოზულ პოზიტიურ გავლენას ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
მეგობრებო, მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ამ და სხვა მრავალი მიღწევისა და საქმის ერთგულებისთვის! გისურვებთ წინსვლას, ახალ პროფესიულ მიღწევებს და წარმატებებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.