საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებულ და „მერსი ქორფსის“ მიერ განხორციელებული პროექტის - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მმართველი საბჭოს პირველ სხდომაში.
შეხვედრაზე პროექტის მიზნები, ამოცანები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.
გივი მიქანაძემ გამოხატა პროექტის მიმართ მხარდაჭერა და მზაობა აქტიურად იყოს ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, რაც პროექტის დასახული მიზნების ხელშეწყობას გააძლიერებს.
პროექტი 4 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტში განხორციელდება და ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებას და კონკრეტული ბიზნეს პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. პროექტის პარტნიორი და კონტრიბუტორია „ლიბერთი ბანკი“.
მმართველი საბჭოს სხდომას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის წარმომადგენელი საქართველოში და „მერსი ქორფის“ პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი ესწრებოდნენ.