logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: არსებობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი „წითელი ხაზები“, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე გადის
- +

7 დეკემბერი. 2022. 23:10

 

 

მედიაჰოლდინგ „კვირას" დამფუძნებელი და ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ორი დღეა ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის განცხადების შესახებ პოლიტიკურ თუ ექსპერტულ გამოხმაურებებს.

 

ბრალს გვდებენ, რატომ არ ვეხმარებით ტრანსფორმატორებით, გენერატორებითა და სამხედრო იარაღით.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკრაინელ ხალხს ომის დაწყებიდან დღემდე არაერთი მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინა,  ეს უკმაყოფილო და უმადური ტონი სამწუხაროდ გრძელდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით ვგულშემატკივრობ უკრაინას და მჯერა, რომ აგრესორ რუსეთთან გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევს, არ შემიძლია დავეთანხმო იმ გაუგონარ რიტორიკაში, რაც ამ ქვეყნის მაღალჩინოსნებისგან  მოდის და ჩვენი ხელისუფლების პოზიციაც, შეინარჩუნოს სამშვიდობო პოლიტიკა, აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია.

 

ამასთან, მინდა შევეხო თემას, რომელიც შესაძლოა ბევრმა კარგად იცის, მაგრამ, ჩვენ ხომ  მოკლე პოლიტიკური მეხსიერება გვაქვს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი თემები სამწუხაროდ გვავიწყდება ხოლმე.

 

მე პირადად, ალბათ ქართველ ჟურნალისტებს შორის პირველი ვიყავი, ვინც  7-8 წლის წინ  ძალიან საინტერესო თემაზე მუშაობა დავიწყე. ჩემი ჟურნალისტური გამოძიება შეეხებოდა  2001-2008 წლებში იარაღის შესყიდვებს და ამ პროცესში გამოვლენილ უამრავ დანაშაულებრივ ფაქტს, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა ან ჩაიდინა.  ამ კუთხით არაერთი ღირებული მასალა დავაგროვე, რომელიც გამყარებული მქონდა დოკუმენტაციით, მტკიცებულებებით და არა კონკრეტულ ექსპერტებს თუ მათ მოსაზრებებს დავეყრდენი.

 

ახლა ამ სტატუსით ყველაფერს ვერ მოვყვები, თუმცა კასიანოვის განცხადებამ მიბიძგა ერთი ეპიზოდი გამეხსენებინა.

 

საქმე ეხება, საქართველოს მიერ უკრაინიდან შესყიდულ დიდძალ შეიარაღებას, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენი მეგობარი ქვეყანა არც აგვისტოს ომის დროს გვაძლევდა უსასყიდლოდ. როდესაც დღეს კასიანოვი ღია საყვედურებს ისვრის და ამბობს, როგორი არამეგობრული ქვეყანა ვართ, ეს აუცილებლად უნდა გავახსენოთ! ეს ერთი და მეორე, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველომ უკრაინისგან შეიძინა (საუბარია ძალიან დიდ შეიარაღებაზე) იყო გამოუსადეგარი და უვარგისი!

 

ჩემი წლების წინანდელი გამოძიების მასალების ერთი ეპიზოდი სწორედ ამას ეხებოდა.

 

თემა უკრაინაში  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა, როდესაც უკრაინულმა მედიამ საქართველოს მიერ შესყიდული სამხედრო შეიარაღების ვრცელი ნუსხა გამოაქვეყნა (2000-2010 წწ). შეგახსენებთ, რომ  ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას უკრაინის რადას ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლების ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა. ვიქტორ იუშჩენკოს ოპოზიციაში მყოფი იულია ტიმოშენკო და მისი თანაგუნდელები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო კომპანია „უკრსპეცექსპორტმა“ საქართველოს იარაღი მათი კანონმდებლობის გვერდის ავლით მიჰყიდა. თუმცა მთავარი პრობლემა იარაღის რაოდენობა იყო. რადას წევრები აცხადებდნენ, რომ თუკი უკრაინამ ამ რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გასცა, ეს მათი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას საფრთხეს უქმნიდა. ამ ფაქტის გამო, იულია ტიმოშენკო მაშინ ვიქტორ იუშჩენკოს იმპიჩმენტის საკითხსაც აყენებდა.

 

რადამ ამ საკითხების შესასწავლად, დროებითი საგამოძიებო კომისიაც შექმნა, რომელმაც იმ სამხედრო-შეიარაღების სია წარმოადგინა, რასაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, უკრაინა საქართველოს აწვდიდა. ამ სიის თანახმად, ტექნიკის შეძენა ჩვენი ქვეყნის სამხედრო უწყებამ, ძირითადად, 2004 წელს დაიწყო, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობის იარაღი 2006-2008 წლებში შეიძინეს.

 

მაშინ, ტიმოშენკოს მიერ დაწყებულ სკანდალს „უკრსპეცექსპორტის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძვრაც მოჰყვა, თუმცა მალევე შეწყდა, რადგან გამოქვეყნდა საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ სამხედრო ტექნიკა, რომელიც საქართველომ უკრაინისგან შეიძინა, უვარგისი იყო. მას ექსპლუატაციის ვადა 2001 წელს გაუვიდა!

 

უკრაინაში თემა დაიხურა და დღემდე არც საქართველოში აგო ვინმემ პასუხი,  2004-2008 წლებში, სააკაშვილის მმართველობის დროს, მხოლოდ უკრაინის სახელმწიფო კომპანია “უკრსპეცექსპორტისგან“ თუ რატომ შევიძინეთ 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტვირთი, რომლის დიდი ნაწილი უვარგისი იყო?!

 

მახსოვს, ამ თემაზე მუშაობისას, ფოთში განთავსებული საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარეკეტო დივიზიონის ყოფილი მეთაური, გიორგი ლილუაშვილიც ჩავწერე,  რომელმაც ჩემთვის მოცემულ ვიდეოინტერვიუში დაადასტურა, რომ მხოლოდ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 2007 წელს, ქართულმა მხარემ უკრაინისგან 35 მილიონი დოლარის ღირებულების სრულიად გამოუსადეგარი ტექნიკა შეიძინა. ის იხსენებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა, რა შეიარაღება შემოიტანეს და რომ აბსოლუტურად გაუმართავი და მწყობრიდან გამოსული იყო! ზოგიერთ მათგანში ბალახიც კი იყო ამოსული!

 

ძალიან ვრცელი სტატუსი გამომივიდა და აქ აღარაფერს ვყვები უკრაინიდან საქართველოში წამოსულ იმ სამხედრო ტვირთზე, რომელიც გზიდან „ქრებოდა“ და არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ შეიარაღება ჩვენი ქვეყნის ნაცვლად, მესამე ქვეყნებშიც მიდიოდა. მე პირადად, მაქვს ამის დამადასტურებელი მასალებიც და ეს ცალკე თემაა.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ერთ ფაქტს გაგახსენებთ, როდესაც სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ყვარელში, კომპანია უკრსპეცექსპორტის'' ყოფილ ხელმძღვანელს საპატიო სტუმრის სტატუსით უმასპინძლა. მან სერგეი ბონდარჩუკს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადასცა...

 

რა დაუფასა სააკაშვილმა უკრაინის მაშინდელ ხელისუფლებას, ეს თქვენ განსაჯეთ... დღეს კი აქ შევეცადე მხოლოდ ერთი ფაქტი მომეყვანა იმ ვრცელი მასალებიდან, რომელიც წლების წინ მოვიძიე.

 

და კიდევ, მინდოდა ამ პოსტით პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოებისთვის გამეხსენებინა ჩვენი არცთუ შორეული წარსულის ძალიან სამწუხარო მოვლენები.

 

არსებობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი „წითელი ხაზები, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე გადის და ვიდრე საკუთარი ხელისუფლების ლანძღვას დავიწყებთ, აუცილებელია,  გავიგოთ ან გავიხსენოთ ის შეცდომებიც, რაც დაშვებული იყო - კიდევ ისიც, აგვისტოს ომის დროს როგორ და რა ფორმით დაეხმარა სინამდვილეში უკრაინა საქართველოს...

 

თვალსაჩინოებისთვის, აქვე ვაქვეყნებ რადას დოკუმენტს:

 

 

https://publuu.com/flip-book/61723/180526/page/1

 

ჩემი აზრით, არსებული რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, დღეს ყველაზე უპატიებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, საერთო სახელმწიფო ინტერესების უგულველყოფა - ის რაც, ნორმალურ ქვეყანაში ეროვნული თანხმობის მთავარი საკითხი უნდა იყოს!- წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner