logo_geo
eng_logo
გიორგი ღვინიაშვილი: გოგა ხაჩიძის კომენტარებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ
- +

9 მარტი. 2016. 16:49


„გოგა ხაჩიძის კომენტარებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ", - ამის შესახებ „რეპორტიორს" ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებები, პარტიაში პრობლემების არსებობასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. ღვინიაშვილის თქმით, ასევე არასწორია ინფორმაცია, თითქოს ნაციონალური მოძრაობა დაშლის პირას მყოფი პარტია იყოს.


„არანაირი დაშლა არ ემუქრება ნაციონალურ მოძრაობას და პარტიაში ყველა პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. არათუ იშლება, პარტია ძლიერდება და ახალი სახეები ემატება. ვინ უნდა გავიყვანოთ პარლამენტში და რამდენი კაცი შევა პარტიიდან საკანონმდებლო ორგანოში, ამას არჩევნები აჩვენებს და არა ხაჩიძის განცხადებები", - აღნიშნა ღვინიაშვილმა.


კითხვაზე რა შანსები აქვს ნაციონალურ მოძრაობას მომავალ არჩევნებში, ღვინიაშვილი ამბობს, რომ ყოფილი მმართველი პარტია მომავალ პარლამენტში უმრავლესობით შევა. „მე ამის იმედი დიდი მაქვს და გოგა ხაჩიძე რას ამბობს, ამას მე სერიოზულად არ მივიჩნევ", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

 


„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის,  ამჟამად „გირჩების" ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაჩიძის განცხადებით, ენმ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") ახალი ენერგიული ლიდერების მიმართ უნდა გახსნილიყო.


როგორც ხაჩიძემ გაზეთ „კვირის პალიტრას" განუცხადა, ამის ნაცვლად ისინი ჩაიკეტნენ და ახალ ხალხს ყველა დონეზე დაუწყეს ბრძოლა.


ვისაც სახელმწიფოს ინტერესები აღელვებს, იმაზეც იფიქროს, როცა პარტია (თუნდაც 100 000 მყარი მხარდამჭერით) ცდილობს მხოლოდ ფონს გასვლას და არა ფართო მასებზე ზემოქმედებას, არც არაფერი აქვს სალაპარაკო და კონკურენტებს უნამუსოდ ჰპარავს მესიჯებს, მის წევრებს კი ოფისიდან გასვლა ეზარებათ. ასეთი პარტია მებრძოლი კი არა, უნამუსო და მატყუარა ბიუროკრატია, რომელსაც 15 კაცის პარლამენტში შეთრევის გარდა, სხვა მიზანი არ ამოძრავებს. მიმაჩნია, რომ მიშა პარტიას კი არ უნდა გამოჰკიდებოდა, არამედ უფრო ფართო მესიჯზე ეფიქრა და დიდი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის მიეცა გასაქანი. არც ერთ მომენტში ეს არ გააკეთა. ბოლოს, როცა მე მაინც წამოვედი პარტიიდან და განვაცხადე, საზოგადოებრივ მოძრაობას ჩავუყრი სათავეს-მეთქი, დამირეკა, ჩემი პარტიიდან რადგან წახვედი, იძულებული ვარ, ბიბლიოთეკაშიც სხვა მოვძებნოო.

 

ახლა რა ხდება? სანდრა აშკარად გააქტიურდა, ბოკერია კი აცხადებს, სიაში სანდრა არ იქნებაო. დაპირისპირებას ვერ ხედავთ?! თუმცა ამ შემთხვევაში ბოკერიას გავამართლებ, რადგან არაფორმალური მმართველობა რომ არ გვინდა, ბიძინას იმიტომ ვებრძვით", - აცხადებს ხაჩიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner