logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ძალიან ბინძურ თამაშშია ჩართული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
- +

9 დეკემბერი. 2022. 10:09

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

 

„ძალიან ბინძურ თამაშშია ჩართული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

 

სააკაშვილის ჩამოსვლამდე ყველა არჩევნები წააგეს, ყველა თემა ჩაუფლავდათ, რევოლუცია ვერ ააგორეს.

 

იფიქრეს, სააკაშვილის ჩამოსვლით მიაღწევდნენ საწადელს. ეს თემაც ჩაფლავდა.

 

შემდეგ მათ წამოეშველათ პუტინის აგრესიული შეჭრა უკრაინაში. სცადეს უკრაინის თემით სპეკულირება, აქციების აგორება. ეს თემაც ჩაფლავდა.

 

შემდეგ სცადეს კანდიდატის მონიჭების თემით სპეკულირება და მუხტის შექმნა. ეს თემაც ჩაფლავდა, რადგან ხალხი ხედავს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად ყველაფერი კეთდება. საქართველო მზადაა NATO-სთვის. მიგვიღონ, თუ თავად არიან მზად.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად ცდილობდნენ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემის გამოყენებას. არ დაუჯერა მათ ხალხმა, რადგან მიხვდნენ, რომ მას არავინ კლავს. პირიქით, თავზე ევლებიან.

 

ახლა გადაწყვიტეს, უკრაინაში მებრძოლი ქართველების თემა შემოიტანონ პოლიტიკურ ბრძოლაში. ამას აქამდეც ცდილობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხს თვლიან დღეს მათ მთავარ კოზირად.

 

როგორ ააგორეს?

 

მანამდე 28 ქართველი დაიღუპა. დაინახეს, რომ ყველა სამხედრო პატივით დაიკრძალა, ოჯახებს გვერდით დაუდგნენ. იციან, ახლაც იგივე იქნებოდა. ამიტომ ორი საკითხის ირგვლივ ატეხეს ხმაური, რატომ არავინ უსამძიმრებს და გლოვას რატომ არ აცხადებთო? ფიქრობდნენ, ამ ხმაურით გამოიწვევდნენ როგორც მინიმუმ განხილვებს.

 

პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოხატეს „ტვიტერის“ მეშვეობით, პრემიერმა კი, როგორც მანამდე, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება. რა თქმა უნდა მიუსამძიმრა, უკრაინაში მებრძოლთა მიმართ პატივისცემა გამოხატა, სამხედრო პატივით დაკრძალვაზეც ისაუბრა.

 

ამ განცხადებაში კონტექსტიდან ამოუგლიჯეს სამი საკითხი:

 

  1. საწყალი რატომ უწოდა მებრძოლებს? არადა, დაღუპულებზე თქვა და არა ყველაზე. დღეს სამებაში აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლზე თქვა მისმა დამ - საწყალიო. ეს ხომ მიღებული ფრაზაა?!

 

2.მოუჭრეს ის ნაწილი, სადაც თქვა, რომ „უკრაინას ვუსურვებ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასო“ და დააბრალეს უკრაინის მხარეს არააო. ვიდეო დევს პრემიერის გვერდზე. მოუსმინეთ. როგორ არაა მის მხარეს? თუ ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს, გამარჯვება არაა?

 

  1. საუბარში თქვა, რომ გარკვეული ნაწილი მოტყუებით მიჰყავთო.

 

ამ თემაზე ატყდა ერთი ამბავი, ფაქტები დაიდოსო. ფაქტები დაუდეს, რომ შექმნილია ჯგუფი, რომელიც ახდენს რეკრუტირებას. მოხალისეებს უხსნიან პირობებს, რომ ჩაირიცხებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, მიიღებენ ანაზღაურებას და ა.შ. ოღონდ არ უხსნიან, რამდენად თავსებადია ეს საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

ამ მტკიცებულებების გამოტანა მოხდა „ნაცმოძრაობის“ მოთხოვნით, აჟიოტაჟი ატეხეს დადეთ მტკიცებულებებიო, თორემ ხელისუფლებას აქამდეც შეეძლო მოქალაქეობის და სხვა საკითხებით დაინტერესება. მტკიცებულება დაიდო, რომ ჯგუფი მუშაობს.

 

როცა „ნაცმოძრაობას“ რეკრუტირების ფაქტის დადასტურება არ მოეწონა, დაიწყეს უკრაინაში მყოფი ქართველების განწყობებზე თამაში და, პირდაპირ დავწერ, მათი შეცდომაში შეყვანა. თუმცა, ყველას აქვს შესაძლებლობა გადაამოწმონ განცხადებები. მაგრამ რამდენიც არ უნდა გადაამოწმო, თუ კანონმდებლობა არ იცი და არავინ აგიხსნა, მაინც ვერ გაიგებ და იოლად აყვები ემოციებს.

 

დღეს ვიხილეთ „გუგლის“ მთავარი სპეციალისტის ნიანგის ცრემლები და წამაქეზებელი კითხვები, რომლებსაც ქართველ მებრძოლს უსვამდა, თითქოს მამუკა მდინარაძე მათ დაემუქრა მოქალაქეობის ჩამორთმევით.

 

ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც პრემიერის ვიდეო დაჭრეს. ვიდეოს ავტვირთავ კომენტარებში და მოუსმინეთ.

 

რაზე საუბრობს მდინარაძე? ის ამბობს, რომ აქამდე არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ ვინმე მსახურობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეგნებულად ცდილობს, ვინმეს დააფიქსირებინონ, რომ ის მსახურობს ოფიციალურად, რათა შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდეს მოქალაქეობის საკითხი განიხილოსო.

 

ანუ, მამუკა მდინარაძე კი არ დაემუქრა, არამედ „ნაცმოძრაობას“ დასდო ბრალი, ვინმესთვის მოქალაქეობის გაუქმების პროვოცირება სურთო. ანუ, იციან, რომ ვინმეს რომ ჩამოართვა მოქალაქეობა, ამას მოჰყვება ყველა მებრძოლის განაწყენება.

 

მდინარაძე ან „ქართული ოცნება“ შეიძლება არ მოსწონდეს ვინმეს, ჩრდილოეთ კორეა არაა, ყველას ერთი პარტია მოსწონდეს, მაგრამ თუ აკრიტიკებ ან ლანძღავ, სიმართლის გამო უნდა გააკრიტიკო, „გუგლისტის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კი არა, რომელმაც სიცრუისთვის ერთი სასამართლო უკვე წააგო, არამედ თავად უნდა მოისმინო სრული ვიდეო.

 

გაიხსენეთ სააკაშვილის მაგალითი. მას მხოლოდ იმის შემდეგ გაუუქმეს მოქალაქეობა, როცა მან უკრაინის პასპორტი დაიკავა ხელში და ტელევიზიით თუ სოცქსელით დაანახა მსოფლიოს. ამ შემთხვევაში კანონი ავტომატურად მუშაობს.

 

„ნაცმოძრაობის“ მედიამ მოატყუა უკრაინაში მყოფი ქართველები, თითქოს „ქართული ოცნება“ ახლა იღებს ამ კანონს მოქალაქეობის შესახებ. ეს კანონი ათეული წლებია არსებობს.

 

მეტსაც გეტყვით, მაგალითისთვის. სს კოდექსში არის 311, რომელიც ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას, თუ პირი ჩადგება უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურში. ასეთი სამსახურებია ნებისმიერი ქვეყნის საგარეო დაზვერვა, კონტრდაზვერვა, სამხედრო დაზვერვა. ეს უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ. ეს ითვლება სახელმწიფოს, ანუ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. ადრე ღალატის კვალიფიკაცია ჰქონდა. ეს კანონი შევარდნაძის დროს იქნა მიღებული და სააკაშვილის დროს იქნა ჩასწორებული.

 

როცა რეკრუტირებას ახდენ, ადამიანს უნდა აუხსნა არა მხოლოდ იქაური პირობები და კანონები, არამედ საქართველოს კანონმდებლობაც. თუ არ უხსნი, ან განზრახ ატყუებ, ან არ იცი და მაინც მოტყუება გამოგდის.

 

გამოვიდა „ლელოს“ მთავარი იურისტი დეპუტატი და განმარტა, რომ კი, მართალია, მოქმედი კანონით ავტომატურად ხდება მოქალაქეობის ჩამორთმევაო, მაგრამ მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდებაო.

 

ანუ, „ლელოს“ დეპუტატმა აღიარა, რომ კანონი ამას ითვალისწინებს. რაც შეეხება, ფაქტი ფიქსირდება თუ არა, ოპომედიას შეგნებულად გამოჰყავს მებრძოლები და აფიქსირებინებს, რომ ისინი ჩარიცხულები არიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ზემოთ ავხსენი, რომ ამ ფაქტის პროვოცირება განზრახ ხდება. „ლელოს“ დეპუტატიც იმავეს აკეთებს.

 

გლოვას რაც შეეხება, 2013 წელს ავღანეთის მისიაში დაღუპულთა გამო გამოცხადებული გლოვის ფაქტს ადარებენ. კი, იყო ასეთი. სააკაშვილმა გამოაცხადა, მაგრამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იყო. მანამდე ბევრი დაგვეღუპა და რატომ არ აცხადებდა? თუმცა სწორი იყო, რომ 2013 წელს გამოაცხადა.

 

ოღონდ აქ უნდა განვასხვაოთ საერთაშორისო მისია, როცა კოალიცია იყო შექმნილი. დღეს ასეთი კოალიცია არაა. უკრაინაში 50-ზე მეტი ქვეყნის 15-20 ათასი პირი იბრძვის. როგორ ფიქრობთ, სხვა ქვეყნების მებრძოლები არ იღუპებიან? იღუპებიან. გლოვას აცხადებენ? არა. მხოლოდ პოლონეთმა გამოაცხადა მის ტერიტორიაზე დაღუპული ორი მოქალაქის გამო.

 

ათასობით პოლონელი იქნება უკრაინაში, მაგრამ პოლონეთის ხელისუფლება არ აღიარებს და თუ ვინმე იღუპება, ვერავინ იგებს. იგივე ეხება სხვა ქვეყნებსაც. NATO-ს წევრი ქვეყნები იქცევიან ასე, რომლებსაც საერთო ქოლგა აქვთ თავზე. ჩვენ რა და ვინ გვიცავს, რომ მხარედ დავფიქსირდეთ?!

 

ომის დასაწყისში ერთი სიტუაცია იყო. დასავლეთი იარაღის მიწოდებაზეც ითრევდა ფეხს. უყურებდნენ რუსეთის რეაქციას. სანქციების დაწესებით დაიწყეს.

 

შემდეგ სხვა ეტაპზე გადავიდნენ და იარაღის მიწოდება დაიწყეს, რაც, სხვათაშორის, არაა უფასო და ვალად ეწერება უკრაინას. შეიძლება ოდესმე ჩამოაწერონ.

 

შეიძლება მოვიდეს დრო და NATO-მ კოალიცია შეკრას რუსეთის წინააღმდეგ. ვარაუდის დონეზე ვწერ. თუ ეს მოხდება, ეს ახალი გარემოება იქნება და ისევ აიწევა თემა, ვინმე მოითხოვს ჩართვას. ოღონდ ჯერ ეს ეტაპი არ დამდგარა.

 

საერთოდაც, მიგვიღონ NATO-ში და დასრულდება ეს გაუგებრობები, ვიმოქმედებთ როგორც მოკავშირეები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები.

 

აქამდე ამბობდნენ, საქართველო მზადაა, მაგრამ ველოდებით უკეთეს დროს გასაწევრიანებლადო, ანუ რუსეთს არ აღიზიანებდნენ. რაც ახლა ხდება, რაღა გაღიზიანებაზეა საუბარი?! ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?! ჰოდა, მიგვიღონ ჩვენც, უკრაინაც და მერე ვიმოქმედებთ როგორც საერთო ქოლგის ქვეშ მყოფნი. მანამდე ნუ მოგვთხოვენ მხარედ დაფიქსირებას

 

„ნაცმოძრაობა“ ბევრს რომ ბაქი-ბუქობს, ჯერ ის ახსნან, 2008 წელს მე-5 დღეს რატომ შეწყვიტეს ომი და რატომ მოაწერეს ხელი ძალის არგამოყენებაზე? ეს ისე.

 

მოკლედ, ფაქტია, რომ სიცრუეებით, მანიპულაციებით, ძალიან ცდილობენ, უკრაინაში მყოფი ქართველების თემის პოლიტიკაში შემოტანას, რაც საშიში თამაშია. არცერთი ფაქტი არ არსებობს ბრძოლის ველზე მყოფი მეომრების მისამართით რაიმე შეურაცხმყოფელი განცხადებებისა. პირიქით“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner