ავტორი ნინო ჯიბუტი
"პაემანი პოეზიასთან" - ამ სახელწოდებით პოეტმა მაია კახიძემ ქალთა საერთაშორისო დღეს პოეზიის საღამო მიუძღვნა. კულტურული ღონისძიება, რომელსაც კახიძის მეგობრები, მსახიობები, პოეტები, რეჟისორები, მომღერლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დარბაზში შედგა.
სალონურ სტილში გამართულ შეხვედრაზე ესტრადის მსახიობმა, ჟურნალისტმა, პოეტმა მაია კახიძემ მეგობრებთან ერთად კრებულიდან სახელწოდებით - „ფიქრიმაიები", ლექსები წაიკითხა. ასევე არაერთი საინტერესო და მხიარული ისტორია გაიხსენა.
პოეზიის საღამოს მუსიკალურ ფონად პიანინოსა და გიტარის ჰანგები გასდევდა. დარბაზში მყოფმა მამაკაცებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. პოეტის თქმით კი, გაზაფხულს ქალების სიხალისე და პოეზია ამშვენებს.- „რეპორტიორთან" მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე საუბრობს:
„გილოცავთ ქალბატონებო ქალთა დღესასწაულს, ვუსურვებ ყველა ქალს, ისეთი მამაკაცის გვერდით ყოფილიყოს, რომ ყოველი დღეს მისთვის დღესასწაული იყოს. განსაკუთრებით, პოეტ ქალებს, რომელიც ლექსებს წერენ და ცხადია, მამაკაცებს უძღვნიან, ღირსია ის თუ უღირსი.
კრებულში „ფიქრიმაიები" - მაია კახიძეს ძალიან საინტერესო და კარგი ლექსები აქვს. დაწერს, ხოლმე „ფეისბუქი" რომ ქვია და კარგ ხასიათზე გაყენებს. თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, ქალის სურვილით აღენთები, თუ ქალი ხარ კაცის სურვილით. ეს არის იმ საღვთო წესის აღსრულება, რასაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ჰქვია.
გილოცავთ, ყველას 8 მარტს, განსაკუთრებით, პოეტებს და განსაკუთრებით მაია კახიძეს თავისი „ფიქრიმაიებისთვის."
საღამო გაზაფხულის დამახასიათებელი სითბოთი და პოეზიის „თრობით" დასრულდა.