„23 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომის ჩაშლა კიდევ ერთი დასტურია იმ არგუმენტებისა, რომელითაც უმრავლესობა, საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა", - ამის შესახებ „პირველ პრესკლუბში" სტუმრობისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ, 23 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომის ჩაშლაზე საუბრისას განაცხადა.
გედევან ფოფხაძის მტკიცებით, გიორგი პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ის ადამიანია, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა სამართლიანი, არამედ მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება.
„23 აგვისტოს პლენუმის სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გამოიყენა იმისათვის, რომ ძალთა თანაფარდობა შეემოწმებინა. პაპუაშვილმა როდესაც დაინახა, რომ შესაძლოა, მოსამართლეებს მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიეღოთ, მან ეს სხდომა ჩაშალა.
როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუტი, დისკრედიტირებული იყოს, იმაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ვის მიერ არის დისკრედიტირებული",- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.