„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიული გადაწყვეტილება, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება! ანაკლიის პორტი კლასიკური მაგალითია, როგორ არ უნდა მოიქცეს ინვესტორი, რომელმაც საუკუნის პროექტის მშენებლობა წლებით შეაფერხა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია.
ჩიხელიძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტს ჩვენს ქვეყანაში ათასობით მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა და ქვეყანაში ნამდვილი ეკონომიკური ბუმის გამოწვევა შეუძლია, რადგან ქვეყანა რეგიონის ლოჯისტიკური ჰაბი გახდება:
„სამწუხაროდ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქმე არაკეთილსინდისიერ ინვესტორთან გვაქვს, რომელმაც პროექტის ჩაშლისთვის ყველაფერი გააკეთა. ხაზარაძემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7 პირობა, არ მოიზიდა საჭირო ინვესტიცია (120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან), დაარღვია მშენებლობის ვადები და ა.შ. სახელმწიფომ გამოავლინა კეთილი ნება, ინვესტორის სასარგებლოდ რამდენჯერმე შეცვალა ხელშეკრულების პირობები, მაგრამ ინვესტორმა კვლავ უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, რაც ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი გახდა.
ანაკლიის პორტი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია. შავიზღვისპირეთში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს, ამიტომ, ამჟამად ქვეყნის პორტებში შავ ზღვაში დატვირთული გემების დაახლოებით 65% ვერ შემოდის. ანაკლიის პორტის აშენების შემდეგ, რომლის სიღრმეც 16 მეტრი იქნება, ის შავი ზღვის რეგიონში ყველაზე ღრმა პორტი გახდება (რუმინეთს და თურქეთს 14 მეტრის სიღრმის პორტი აქვს). ანაკლიის პორტს ჩვენს ქვეყანაში ათასობით მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა და ქვეყანაში ნამდვილი ეკონომიკური ბუმის გამოწვევა შეუძლია, რადგან ქვეყანა რეგიონის ლოჯისტიკური ჰაბი გახდება. ანაკლიის პორტის პარალელურად იგეგმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა, რაც ათობით საწარმოს მშენებლობას გამოიწვევს.
გარდა ეკონომიკურისა, ანაკლიის პორტს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოების და პოლიტიკური დამოუკიდებლობის კუთხით. ანაკლიის პორტის მშენებლობა ავტომატურად ნიშნავს საქართველოს ლიდერობას რეგიონში, რომელიც მსოფლიოსთვის და ევროპისთვის იმდენად მნიშვნელოვანი საფინანსო კვანძი იქნება, რომ მის უსაფრთხოებას ქმედითი ნაბიჯებით დაიცავენ. რაც მთავარია, გაძლიერდება NATO-ს ინტერესი. სამწუხაროდ, დღეს შავ ზღვაზე NATO-ს გავლენა მცირეა, გრძელვადიან პერსპექტივაში შავი ზღვის ათვისება NATO-ს მთავარი პრიორიტეტი იქნება (დღევანდელი მოცემულობით, NATO-ს საზღვაო ძალების დიდ ნაწილს საქართველოში შემოსვლა ფიზიკურად არ შეუძლია). NATO-ს შავ ზღვაში შემოსვლა, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას დააჩქარებს. ვთვლი, პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართვით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სტრატეგიული ობიექტის სრულად კერძო ინვესტორის ხელში გადასვლა სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.